მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ მეტი FDI გვინდა, ენერგეტიკული ბირჟის გახსნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია - მაია მელიქიძე

მაია მელიქიძე

თუ გვინდა მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ბირჟის გახსნა - „განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ბაზრის გახსნაზე სავალუტო ფონდის რეკომენდაციას იზიარებს და მთავრობას უკვე 6-ჯერ გადავადებული ბირჟის გახსნას ურჩევს.

„თუ გვინდა მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და ეს არის ჩვენი მიზანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ბირჟის გახსნა. უკვე 6-ჯერ გადაიდო ბაზრის გახსნა. ინვესტორების მოლოდინი CFD მექანიზმთან დაკავშირებით გამართლდა და ახლა უნდა გავამართლოთ ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. ეს არის ლიბერალური ბაზარი, სადაც ფასი ყალიბდება მოთხოვნა/მიწოდების საფუძველზე. ჩვენ თუ გვინდა მეტი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, აშენდეს ქვეყანაში არამხოლოდ ჰიდროელექტროსადგურები, არამედ მზის სადგური, რომელიც ერთიც კი არ გვაქვს ამ მზიან ქვეყანაში, უნდა გავხსნათ ბაზარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება სტაგნაცია, რაც ავტომატურად უკან გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს. თუ შევეგუებით, რომ ბაზარი ვერ გაიხსნება, ეს ნიშნავს, რომ დაიკარგება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი და სწორედ ამაზე პედალირებს IMF“, - ამბობს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი.

მაია მელიქიძე ფიქრობს, რომ ბაზრის გახსნაზე უარის თქმას, სჯობს ბირჟაზე ვაჭრობა ნაწილობრივ მაინც დაიწყოს, რადგანაც საქართველოს არ აქვს დასაკარგი დრო.

„ის არგუმენტიც გასაგებია, რომ განვითარებულ ქვეყნებს დასჭირდათ ბირჟის ასამუშავებლად 10 წელი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ამდენი დრო აღარ გვრჩება. ჩვენ შეგვიძლია დაშვებული შეცდომები აღარ დავუშვათ და შედარებით სწრაფი ტემპით გავიაროთ ეს გზა“, - აღნიშნავს მაია მელიქიძე.

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. დღით ადრე ბაზრის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და დღიური ბაზრის გაშვება ამჯერად 2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, გადავადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები