მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ მომიტინგეებისგან აგრესია წამოვა, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ - ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ თუ მომიტინგეებისგან აგრესია წამოვა, შსს კანონის ფარგლებში, ძალიან მკაცრად უპასუხებს.

ამის შესახებ მან შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეები გააფრთხილა და თქვა, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება გამონაკლისის გარეშე 4-წლიანი პატიმრობით დაისჯება.

ამასთან, შს მინისტრი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველების მშვიდობიან აქციას ხელს არასდროს უშლიან. „პირიქით, ვეხმარებით ხოლმე“, - თქვა ვახტანგ გომელაურმა და მაგალითად გუშინდელი „ევროპის მარში“ მოიყვანა.

„გუშინ, სამი წერტილიდან დაიძრნენ მოქალაქეები და მშვიდობიანად მივეხმარეთ, გზებიც დავუკეტეთ, მივაცილეთ... არასდროს პოლიცია პირველი არ იწყებს ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლას. ჩვენ არ გვინდა აგრესიის გამოხატვა და არც გამოვხატავთ, მაგრამ მომიტინგეებისგან თუ წამოვა აგრესია, კანონის ფარგლებში, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ“, - თქვა გომელაურმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გამო.

„დღეს კი, ჭკუას გვარიგებს და მიგვითითებს რა უნდა გავაკეთოთ... ვერც პრეზიდენტი და ვერცერთი მოქალაქე ვერ იტყვის, რომ ჩვენ პირველებმა რამე დავიწყეთ - მომიტინგეების გაწევა ან შეზღუდვა“, - განაცხადა გომელაურმა.

შს მინისტრი ასევე ამტკიცებს, რომ წინა დღეებში სამართალდამცველები მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის შენობას იცავდნენ. „წყლის ჭავლი რომ არ გამოგვეყენებინა, ალბათ გამოანგრევდნენ“, - თქვა მან.

დღეს, 22:00 საათიდან, "რუსული კანონის" მოწინააღმდეგე მოქალაქეები პარლამენტის წინ აქციას მართავენ, რომლის სახელია - "გავათენოთ საქართველოსთვის".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები