თუ ვინმეს ოდნავ მაინც გაგეგებათ ეკონომიკა, უნდა იცოდეთ რას ნიშნავს მოულოდნელი კრიზისი, რომელიც ახლა გვაქვს, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ოპოზიციას, სადაც ის ინტერპელაციის წესით არის მისული და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
"დღეს ჩვენ გვაქვს მოულოდნელი კრიზისი. თუ ვინმეს საერთოდ ეკონომიკა ოდნავ მაინც გაგეგებათ, უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მოულოდნელი კრიზისი. თქვენ კი მეუბნებით, რომ გლობალური კრიზისის დროს, მე უნდა შევამცირო გადასახადები, რომლის შედეგსაც ხალხი იგრძნობს. ელემენტარული არითმეტიკა არის საჭირო, უმაღლეს მათემატიკას არ ვითხოვ, არც იმას, რომ ყველას ჰარვარდი ჰქონდეს დამთავრებული და მაკროეკონომიკური პარამეტრები იცოდეს. მარტივ ციფრებზე გეკითხებით. იცოდეთ ერთი რამ - ადამიანები დღეს ქვეყანას და მოქალაქეს პირდებიან იმას, რაც ძალიან კარგად იციან, რომ განუხორციელებელია, ან მეორე შემთხვევაში მზად არიან შევიდნენ ისეთ რისკებში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში მაისში ვერ გაიცემოდა ხელფასები, ივნისში ვერ გაიცემოდა მასწავლებლების, პოლიციის და სხვა მოხელეების ხელფასები, ივლისში ქვეყანაში უბრალოდ გაჩერდებოდა მიმდინარე ოპერაციები, ხოლო ამას მოყვებოდა კოლაფსი. ეს არის გეგმა, რომელსაც კოლეგები გვთავაზობენ", - მიმართა გიორგი გახარიამ ოპოზიციას.