„არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთ კანონს არ იღებენ“, - ასე ეხმაურება ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „ოცნების“ გადაწყვეტილებას, ე.წ რუსული კანონის პარლამენტში მეორედ დაინიცირების შესახებ.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი რისკი, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ დღის წესრიგში დაბრუნებას შეიძლება მოჰყვეს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის შეფერხებაა. კახა გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, EU-ს მხრიდან გამოყენებულ იქნას ე.წ რევერსი და საქართველოს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი, სანამ ქვეყანა არ შეცვლის პოლიტიკას.
„აბსოლუტურად დაუჯერებელია ის საუბარი, რომ თითქოს საფრანგეთში იღებენ ასეთ კანონს, ევროპარლამენტი იღებს და ა.შ ეს არის არასწორი ინფორმაცია. არაფერი ანალოგიური არ ხდება ევროპაში. უნგრეთმა, რომელმაც მიიღო ასეთი კანონი 2015 წელს, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ უბრძანა უნგრეთს ამის გაუქმება და უნგრეთს შეექმნა ძალიან დიდი პრობლემა. ეს რომ არ ექნა ის ხმას დაკარგავდა შემდეგ ევროპულ საბჭოში. წარმოუდგენელია ასეთი პრეცედენტის შემდეგ რომელიმე ქვეყანამ მიიღოს ანალოგიური კანონი.
მეორე საკითხია, სამოქალაქო საზოგადოებაზე ასეთი ზეწოლა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ასეთი გალაშქრება. ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის და დემოკრატიის განვითარებისთვის.
ასეთი კანონის მიღებით სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა რა თქმა უნდა, შემცირდება, გარკვეული დრაკონული ზომების შედეგად. ასე მოხდა რუსეთში, ბელარუსში, ასე მოხდებოდა უნგრეთში. არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთ კანონს არ იღებენ.
მესამე, რაც არის სარისკო, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნეგატიურ შედეგს, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება. დარწმუნებული ვარ, თუ ასეთ კანონს მიიღებს ჩვენი პარლამენტი, ევროკავშირში წინსვლის გზა შეჩერდება საკმაოდ მნიშვნელოვანი ხნით და არ არის გამორიცხული ასევე რევერსი. რევერსი ნიშნავს გარკვეული სტატუსის დაქვეითებას, რაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჯერ პრეცედენტი არ მომხდარა, მაგრამ ევროკავშირის საბჭომ რამდენჯერმე მიიღო თავის დასკვნებში ასეთი ჩანაწერი, სადაც ნათქვამია, რომ უნდა ჰქონდეს ევროკავშირს რევერსის შესაძლებლობა ინტეგრაციის გზაზე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც ძალიან გადაუხვიეს დემოკრატიულ სტანდარტებს.
ასე რომ ნუ გვექნება ილუზია, რომ კანდიდატის სტატუსი ეს არის რაღაც ისეთი, რომელიც ჩვენ სამუდამოდ გვექნება, ჩვენ შეგვიძლია გადავუხვიოთ დემოკრატიული განვითარების გზას, წავიდეთ ნებისმიერი სხვა მიმართულებით და ეს კანდიდატის სტატუსი შეგვრჩეს. არა, კანდიდატის სტატუსიც შეიძლება შეაჩერონ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ მაგალითად საქართველოს ჩამოერთვას მანამდე, სანამ ჩვენ არ შევცვლით პოლიტიკას და მერე ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისთვის, რომ თავიდან გავიაროთ ის გზა, რომელიც გავიარეთ ამხელა წარმატებისთვის“,- აცხადებს „საქმის კურსთან“ ინტერვიუში გოგოლაშვილი.
მისი თქმით, რისკი იმის, რომ [ კანონპროექტი უკან დაებრუნებინათ] არსებობდა, რადგან ოცნების წარმომადგენლები გამოსვლებში ყოველთვის ამბობდნენ, რომ ის ძალიან კარგი კანონპროექტი იყო, ხალხი შეიყვანეს შეცდომაში, მოატყუეს, არ იყო დემოკრატიის დამაზიანებელი და ა.შ, რაც აზრს ამკვიდრებდა, რომ შეიძლება ამ კანონპროექტს დაბრუნებოდნენ, თუმცა გოგოლაშვილი ამბობს, რომ გამომდინარე საღი აზრიდან, მას არ ეგონა, რომ „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ არ უნდა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია.
„ამას ვერ წარმოვიდგენდი. მე არ მეგონა, რომ ძალაუფლების შენარჩუნების რისკები, გადაწონიდა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის რისკებს და ამას მიანიჭებდნენ პრიორიტეტს.
ეს აუცილებლად დამთავრდება ცუდი შედეგით, ისევ „ქართული ოცნებისთვის“, ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება თუ მაინც შეიტანენ ამ კანონპროექტს და დაუჯერებენ ვენეციის კომისიას, რომელიც აუცილებლად დაწერს უარყოფით დასკვნას და ევროკომისიას, რომელიც აუცილებლად ეტყვის, რომ ეს უნდა გაიწვიოთ. თუ მას დაუჯერებენ, ეს იქნება ძალიან კარგი. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ველოდოთ მოვლენების ყველანაირ განვითარებას“,-განაცხადა გოგოლაშვილმა.