საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ვალუტის კურსთან მიმართებით მოლოდინები პოზიტიური იქნება, ლარის გაცვლითი კურსი რეალურ ნიშნულს დაუახლოვდება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დღეს ლარის კურსის კვლავ გაუფასურება ბუნებრივი პროცესია.
„არსებობს რეალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელიც გვაძლევს კარგ ინდიკატორს ჩვენს სავაჭრო პარტნიორების ვალუტასთან მიმართებით როგორია ლარის კურსი. ლარი იმაზე მეტად იყო გაუფასურებული, ვიდრე ამის საშუალებას ეფექტური გავლითი კურსი იძლეოდა. აქედან გამომდინარე, არ მიკვირს, რომ ლარი დაუბრუნდა გარკვეულ ნიშნულზე 3.15 – 3.16 - ეს იყო დაახლოებით ის, რასაც 2-3 კვირის წინ ვპროგნოზირებდით. ჩვენ ვამბობდით, რომ იყო სპეკულაციური განწყობები, ნდობა არ იყო და შესაბამისად ლარი იმაზე ძვირი იყო, ვიდრე ეფექტური გაცვლითი კურსი.
თუ კი იქნება პოზიტიური ინფორმაცია და განწყობები, სპეკულაციური ნაწილი მოიხსნება და ლარი რეალურ გაცვლით კურსს დაუახლოვდება, რომელიც მარტივი ფორმულით ითვლება“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და განმარტა, რომ ნეგატიური მოლოდინების შემცირება იწვევს ეროვნული ვალუტის რეალურ გაცვლით კურსთან დაბრუნებას იმ მიდამოში, რა მიდამოშიც ლოგიკური შეიძლება იყოს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 7.78 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1569 ლარი გახდა, ხოლო ევროსთან მიმართებით ლარი 10.96 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8372 ლარია.




























