ქართული თხილისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ ფაროსანასთან ბრძოლა და მავნებელი მწერის გამო მოსავლის დაბალი ხარისხი რჩება - ამის შესახებ გადაცემა "ანალიტიკაში" ქართული თხილის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა თემურ გოგიამ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ამ გამოწვევისა, დღესდღეობით ხარისხის პრობლემა თურქეთშიც დგას, რომელიც მსოფლიოში თხილის უმსხვილესი ექსპორტიორია, რაც საქართველოს პროდუქტის მაღალ ფასად გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.
"სამწუხაროდ, გამოწვევები ძალიან ბევრია. ნომერ პირველი მათგან კვლავ ფაროსანასთან ბრძოლა და შესაბამისად, ხარისხის ამაღლებაა. თუ ჩვენ საბოლოოდ ვერ დავამარცხებთ ამ პრობლემას და ვერ ავამაღლებთ ქართული თხილის ხარისხს, ძალიან გაგვიჭირდება იმ მოწინავე პოზიციებზე დაბრუნება, სადაც იყო ქართული თხილი დაახლოებით 10 წლის უკან. მინდა შეგახსენოთ, რომ აგროპროდუქტის ექსპორტის საერთო მოცულობაში ქართულ თხილს შემოსავლებით მეორე ადგილი ეკავა. გარკვეული კატაკლიზმების შემდეგ და ფაროსანას პრობლემიდან გამომდინარე, სერიოზული პრობლემები შეგვექმნა, შემდეგ პანდემია დაერთო ამას, მაგრამ ეტაპობრივად ჩვენ გამოვედით ამ მდგომარეობიდან და ახლა შედარებით უკეთესადაა საქმე, ვიდრე განვლილ წლებში.
წლევანდელი მოლოდინები საკმაოდ პოზიტიურია. იქიდან გამომდინარე, რომ ხარისხობრივი პრობლემები თურქეთშიც საკმაოდ მწვავედ დგას, ველოდებით, რომ მსოფლიო ბაზარზე შემდეგი ერთი-ორი წლის განმავლობაში საკმაოდ მისაღები ფასი იქნება. შესაბამისად, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენც ნაყოფიერად ვიმუშაოთ და ფერმერებიც კმაყოფილი იყვნენ. თუმცა ხარისხის ამაღლებაც საჭიროა და ამისთვის ფერმერებისთვის საინფორმაციო ტრენინგები უნდა ჩატარდეს. საჭიროა მათი მაქსიმალური ჩართულობა, მათი ინფორმირებულობა, ხაზგასმა იმაზე, თუ რამდენად მოგებული დარჩა ის ფერმერი, რომელმაც ჩაატარა აგროწესებით დადგენილი წამლობები და მიიღო კარგი ხარისხის მოსავალი. რაც შეეხება სამთავრობო დონეზე დახმარებას, ჩვენ ყურადღება არ გვაკლია. მაქსიმალურად ცდილობენ, გვერდში დაგვიდგნენ და ყველანაირად შეგვიწყონ ხელი", - განაცხადა თემურ გოგიამ.
საექსპორტო პოტენციალზე საუბრისას თემურ გოგიამ ასევე აღნიშნა, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია და ქართული თხილი ახალ ქვეყნებში გადის: "ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა. თუ ჩვენი პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, მაქსიმალურად ვცდილობთ, დივერსიფიცირებული გავხადოთ ჩვენი ბიზნესი. ჩვენს კომპანიაში გადავერთეთ შუა აზიის ქვეყნებზე, ისრაელის მიმართულებაზე, დაგვემატა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებები. ნელა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უკვე გადავედით სამხრეთ ამერიკის მიმართულებაზე, ეს არის არგენტინა და ბრაზილია და მომავალში, ალბათ, მექსიკაც დაემატება ამ ქვეყნებს. აი ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ბაზრის დივერსიფიკაციას. მაქსიმალურად ვცდილობთ მოვიცვათ ყველა კონტინენტი".
"ანალიტიკას" ეთერში ქართული თხილის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ფაქტი, რომ 2026 წლიდან სახელმწიფო თანადაფინანსება უქმდება, პრობლემაა, რადგან მცირე მეურნეობები გამოწვევებს მარტო ვერ უმკლავდებიან.
"ასევე გამოწვევაა, რომ თანადაფინანსების ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ერთი წლის მაგივრად სამი წელი გაგრძელდა და ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იყო, სამწუხაროდ, ცოტა ხარვეზებით გაგრძელდა და ისეთი შედეგი ვერ მივიღეთ, რასაც ველოდით და უნდა მიგვეღო. ახლა სუბსიდირების პროგრამა უქმდება.
სამინისტროს არგუმენტი, რომ საკმაოდ მოგებიანი სფეროა და ფერმერებმა თვითონ უნდა შეიძინონ ეს პესტიციდები და გააგრძელონ დამუშავება ფართობების - კი ბატონო, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის მცირემიწიანი ქვეყანა და ძირითადად ამ სფეროში მცირე ფერმერები გვყავს. ძალიან დიდი ფერმერული მეურნეობები ნაკლებია საქართველოში მოსახლეობას ძალიან უჭირთ გამკლავება ამ ყველაფერთან.
მეორე თემაა კიდევ ის, რომ სოფლები დაცლილია პრაქტიკულად და მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილია ხანშიშესული ადამიანები და უჭირთ ფიზიკურად ამ ბაღების მოვლა-პატრონობა. ძალიან ბევრი შეხვედრები იყო, ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ გაგვეუმჯობესებინა ეს ყველაფერი, მაქსიმალურად როგორ დავხმარებოდით ხალხს, მაქსიმალურად როგორ შეგვენარჩუნებინა ეს ყველაფერი. თანაც ამას დაერთო კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომ მასიურად დაიწყო ხმობა თხილის ბაღებმა და ესეც ერთ-ერთი გამოწვევაა, რაღაც ბაქტერიასთან გვაქვს საქმე. მოკლედ, გამოწვევები საკმაოდ ბევრია ამ სფეროში", - განაცხადა თემურ გოგიამ.



























