ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გიგა ზედანიას შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმას არ აქვს ანალოგი და არც ერთ აქამდე არსებულ მოდელს არ ეფუძნება - ამის შესახებ რეფორმის შეფასებისას ზედანიამ "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა და ცვლილებები საბჭოთა მოდელთან მიმართებით განიხილა.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სინამდვილეში ეს ცვლილებები არანაირ მოდელს არ მისდევს. მათ შორის ეს არც საბჭოთა მოდელია. საქმე ის არის, რომ არსებობს ფუნდამენტური განსხვავება იმ ცვლილებებს შორის, რომელიც ახლაა დაგეგმილი, და საბჭოთა მოდელს შორის. საბჭოთა ცივილიზაცია იყო აგებული მეცნიერების კულტზე. 20-იან წლებშიც, 30-იან წლებშიც, 60-იან წლებშიც ეს იყო მეცნიერული ფილოსოფიის მიერ რელიგიის ჩანაცვლების მცდელობა.
რაც დღეს ხდება, მომდინარეობს არა მხოლოდ სიბრაზისგან თუ შურისძიების სურვილისგან, არალოიალური პროფესურის თუ სტუდენტების წინააღმდეგ, და არა მხოლოდ სიხარბისგან, რომ გაყიდოს ძვირად ღირებული შენობები, არამედ მნიშვნელოვანი ფაქტორია ღრმა გულგრილობა მეცნიერების და განათლების მიმართ", - ამბობს ილიაუნის პროფესორი.
ზედანიას განცხადებით, განათლების რეფორმის დასაცავად მმართველ პარტიას ურთიერთსაპირისპირო არგუმენტები მოჰყავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ საგარეო კურსში განათლება პრიორიტეტი არ არის.
"ადამიანები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას იღებენ, თავიანთ თავს გამოუტყდნენ, რომ ის მოდელი, რომლის მიმართულებითაც საქართველო დღეს მოძრაობს, არ საჭიროებს არც განათლებას და არც მეცნიერებას. სინამდვილეში ეს ყველაფერი უბრალოდ რაღაც სოციალური ეტიკეტის დაცვაა; ხომ არ გვეტყვიან, რომ სინამდვილეში მათ ეს საკითხები არ აინტერესებთ? მაგრამ ეს იმაში იგრძნობა, როგორ ერთმანეთის საპირისპირო არგუმენტები მოჰყავთ, რომლებსაც არანაირი შანსი არ აქვთ, ჰარმონიაში მოვიდნენ ერთმანეთთან. დაიწყეს საბჭოთა მოდელის ხსენებით, ვიღაცამ მგონი გელათის აკადემიაც კი ახსენა, თუმცაღა გელათი გვენგრევა თავზე, შემდეგ იყო ლაპარაკი საერთაშორისო რეიტინგებზე და მიხვდნენ, რომ მაინცდამაინც არც ეს აწყობთ, და ბოლოს დაასრულეს შრომის ბაზრის კვლევით, რომელიც ჩემი აზრით, არც ჩატარებულა. რაც მე ვნახე, ეს არის ალბათ სრულიად არალეგიტიმური ნაერთი სხვადასხვა მონაცემებისა, რომელსაც არანაირად არ შეიძლება, რამე რეფორმის საფუძველი გახდეს.
მაგრამ ამ წინააღმდეგობაში, თვითონ ამ დისკურსს შორის, რომელსაც იყენებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, კარგად იგრძნობა მათი ღრმა გულგრილობა. საქმე ის არის, რომ თუ საქართველო უნდა იყოს იზოლირებული ქვეყანა, მას მართლაც არაფერში სჭირდება მეცნიერება და განათლება. სხვათა შორის, ამაში [ქართული ოცნება] მართლები არიან. ეს სიმართლე მათ აუცილებლად უნდა ვუღიაროთ", - ამბობს გიგა ზედანია.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა "ანალიტიკას" ეთერში უმაღლესი განათლების რეფორმა "ქვეყნის ბარბარიზაციის პროცესად" შეაფასა.
"საქართველოს მეცნიერება და განათლება სჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის უფრო დიდი ცივილიზაციური სივრცის ნაწილი. მართლაც შეიძლება, 100 ფიზიკოსი საქართველოს ეკონომიკას პირდაპირ არ გამოადგეს, მაგრამ, თუ ჩვენ არ ვიქნებით ამ ცივილიზაციის ნაწილი, მაშინ ჩვენ მართლაც მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომელიც კარგად აღწერა სხვათა შორის ოლდოს ჰაქსლიმ თავის ნაკლებად ცნობილ რომანში "მაიმუნი და არსი" - ნაჩვენებია დისტოპიური მომავალი, სადაც ღუმელში წიგნებს ყრიან იმისათვის, რომ პური გამოაცხონ; იმათი ბელადი ამბობს, რომ "შედის გეორგ ჰეგელის "გონის ფენომენოლოგია", გამოდის სიმინდის პური - ეს კარგია", აი, სწორედ ასე ვუყურებ რეფორმას, ეს არის ბარბარიზაციის პროცესი", - ამბობს ილიაუნის პროფესორი.




























