მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ქვეყნის რეგიონის ფინანსურ ცენტრად გადაქცევაზე იქნება აქცენტი, ყველა დარგი გაფრინდება“

5edb982dde7bd
BM.GE
06.06.20 19:00
1842
„ახლა დროა ვაღიაროთ წარსულის შეცდომები, რომ ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი არ განვავითარეთ, რითაც ეკონომიკა დამოკიდებული გავხადეთ საბანკო მევახშური მიდგომის ბიზნესებზე. უნდა განაცხადოს მთავრობამ, რომ საქართველოს უნდა რეგიონის ფინანსური ცენტრი გახდეს“-ამის შესახებ საფინანსო-საკონსულტაციო კომპანია „ალიანს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, აიეტ კუკავა, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და მის პოტენციალზე საუბრისას აცხადებს.

მისი შეფასებით, საქართველოს სჭირდება იყოს რეგიონის მომსახურე, რაშიც იგულისხმება ფინანსური ცენტრი, რომელიც რეგიონს მოემსახურება. ეს კი როგორც კუკავა აღნიშნავს, გაცილებით მეტი შემოსავლის მომტანი იქნება ქვეყნისთვის.

„საქართველო ღიაა, დაბალი გადასახადები გვაქვს, ბიზნესის კეთების სიიოლით მსოფლიოში ათეულში ვართ, ბანკები მეტნაკლებად განვითარებული არიან, რომ მოემსახურონ რეგიონის ქვეყნებს. როგორც კი საქართველო ამას განაცხადებს, რომ სურს რეგიონის ფინანსური ცენტრი გახდეს, საქართველოში შეიკრიბება საუკეთესო კვალიფიკაციის პერსონალი, რომლებიც კომპანიებში იმუშავებს და ეს ქვეყანას მოუტანს გაცილებით მეტ შემოსავალს და დივერსიფიცირებულიც იქნება.

მთავარი ჩვენი არის მთავრობის მიდგომა, რომ გადავაქციოთ ქვეყანა რეგიონალურ ცენტრად. თუ ამაზე იქნება აქცენტი, ყველა დარგი გაფრინდება, ვინაიდან შენ ემსახურები 3 მილიონიან მოსახლეობის მაგივრად 500-600 მილიონიან მოსახლეობას. ყველაზე იაფი ფული გახდება საქართველოში. იპოტეკური სესხები შეიძლება 1%-ზე ჩამოვიდეს.

ეს ყველაფერს შველის: ვალუტასაც, კონკურენტუნარიანობასაც, მშპ-ს ზრდასაც და ინვესტიციების ზრდასაც.10 წელია ამას უყურებს მთავრობა და არაფერს აკეთებს“-აცხადებს კუკავა.

ის საქართველოს ადარებს ისრაელს, რომელიც რეგიონის ცენტრია და ამბობს, რომ საქართველოს აქვს შანსი მოიზიდოს რეგიონის სტარტაპები და გახდეს ვენჩურული კაპიტალის ცენტრი.

„მსოფლიოში ახლა ტრენდი მიდის ასეთი: ადრე თუ 80%-ს ვენჩურულ კაპიტალს აშშ მართავდა და თვითონ ამერიკლელებს ჩინეთში გაჰქონდათ წარმოება, ახლა გადმოაქვთ იმ ქვეყნებში, რომელიც რეგიონის ცენტრია. ვინაიდან ვენჩრული კაპიტალის ცენტრი აშშ-შია და იქ ძალიან ძვირია, საქართველო მათთვის იდეალური პლატფორმაა.

აქ კი საინვესტიციო ფონდები მთავრობამ ვერ განავითარა. რატომღაც ეროვნულ ბანკს უსმენს და ეროვნულ ბანკს კი წარმოდგენა არ აქვს ინვესტიციებზე. სები კომერციულ ბანკებს თუ მიხედავს უკვე კარგია, ბანკები რომ არ გაკოტრებულან 10 წელია ჩვენ ბედნიერები ვართ, მაგრამ დაანებოს თავი ლიზინგის დარგს, საინვესტიციო ფონდებს, ვენჩურულ კაპიტალს, კერძო კაპიტალის ფონდებს და ა.შ რომელზეც წარმოდგენა არ აქვს.
სებ-ს არ უნდა თავი აიტკიოს, ყოველთვის ძალიან კონსერვატიულად აკეთებს კანონმდებლობაში ჩარევას. ყველაფერმა ამან კი მოიტანა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს“-აცხადებს კუკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები