"კავკასუს როუდ პროჯექტის" მფლობელის შეფასებით, თუ საწვავის მაღალი ფასი გრძელვადიანად შენარჩუნდება, ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებს მომსახურების გაძვირება მოუწევთ - ამის შესახებ პაატა ტრაპაიძემ BMG-ის საქართველოში საწვავის გაძვირების გავლენის შეფასებისას განუცხადა.
ტრაპაიძე ამბობს, რომ ზრდის პროცენტულობა ომის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული.
„საწვავზე პრაქტიკულად ყველაფერია დამოკიდებული, დაწყებული მეტალის ფასიდან, დამთავრებული ნებისმიერი ტიპის გადაზიდვით. ტრანსპორტირება კი ნებისმიერი პროდუქტისა და მომსახურების ღირებულების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მოსახლეობა ელოდება ფასების შემცირებას, თუმცა რეალურად ამის წინაპირობა არ ჩანს. მიზეზი მარტივია: როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ისე პირველადი მოხმარების საქონელი საჭიროებს ტრანსპორტირებას, რაც საბოლოო ფასზე პირდაპირ აისახება. შედეგად, იზრდება ზეწოლა ხელფასების ზრდაზეც, რაც პროდუქტებსა და მომსახურებას დამატებით აძვირებს.
რაც შეეხება ვადებს, ჩვენს სექტორში 2–3 თვე საწვავის ფასის ზრდამ, შესაძლოა, მკვეთრი ცვლილებები არ გამოიწვიოს, თუმცა თუ მაღალი ფასები ამ პერიოდის შემდეგაც შენარჩუნდა, კომპანიებს მოუწევთ ფასების გადახედვა, რაც საკმაოდ რთულ პროცესთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში ხშირად ჩერდება სამუშაო პროცესები, მათ შორის მშენებლობაც, რადგან დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ახალი პირობების შეთანხმებას დრო სჭირდება. ნებისმიერი პროექტის გაწელვა კი ავტომატურად იწვევს მის გაძვირებას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე გაძვირება არც დამკვეთზეა დამოკიდებული და არც შემსრულებელზე, ეს გარე ფაქტორებით იხსნება. რაც შეეხება ენერგორესურსებს: ნავთობის ფასის ზრდა პირდაპირ არ აისახება საწვავზე, თუმცა არსებული შეფასებებით, საწვავის (განსაკუთრებით დიზელის), გაზისა და ენერგიის ფასები შესაძლოა 70–80%-მდე გაიზარდოს“, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.
საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს. დღეის მდგომარეობით, ბოლო ერთ თვეში ნედლი ნავთობი 42%-ით 94 დოლარამდეა გაძვირებული. თვის ჭრილში 50%-იანი მატებაა Brent-ის ტიპის ნავთობზე, რომლის ფასი ბარელზე თითქმის 108 დოლარს აღწევს. ისტორიულ ნიშნულს მიაღწია აშშ-ში დიზელის საცალო ფასმა და ერთ გალონზე 5 დოლარს გადააჭარბა.
მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავის გაძვირებას განაგრძობს. ფასების კორექტირება ნავთობიმპორტიორმა და რეალიზატორმა კომპანიებმა 7 მარტს დაიწყეს და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბენზინის ფასი კიდევ 5-20 თეთრით, დიზელის კი 15-32 თეთრით გაიზარდა.




























