გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ლარს კლინგბეილის განცხადებით, თუკი უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან სავაჭრო შეთანხმება არ გაფორმდება და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამართლიან პირობებზე არ დათანხმდება, მაშინ ევროკავშირი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს.
როგორც გერმანელი მინისტრი აღნიშნავს, მათთვის მთავარი პრიორიტეტი შეთანხმების დროულად მიღწევაა, მაგრამ არსებობს იმისი რისკი, რომ პროცესი გაჭიანურდეს და მოლაპარაკება ჩიხში შევიდეს, რაც ამერიკასა და ევროკავშირის სავაჭრო ომამდე მიიყვანს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი ვროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა: "აშშ-ის ტარიფების მასშტაბი უპრეცედენტოა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, კეთილსინდისიერად ვაგრძელებთ მუშაობას და ყველა სცენარისთვის ვემზადებით".
როგორც ცნობილია, ევროკავშირს აშშ-ის მთავრობასთან შეთანხმების მისაღწევად დაახლოებით 3 კვირა აქვს, რომლის შემდეგაც ტრამპი ტარიფების დაწესებას აანონსებს, რასაც, სავარაუდოდ, ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ზომების მოჰყვება.




























