სომხეთის ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვას BMG-ის სომხეთის ბიუროსთან ინტერვიუში, სომხეთის პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის, APRI Armenia-ს უფროსი მკვლევარი, ბენიამინ პოღოშიანი აფასებს. მისი თქმით, რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირმა მიმდინარე კვირას მიიღო, სომხეთს გაწევრიანების რეალურ შანსს არ აძლევს.
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ, პირველ რიგში, ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, საიდანაც მხოლოდ 8-9 წლის შემდეგ მიენიჭათ კანდიდატის სტატუსები. სომხეთს ასოცირების ხელშეკრულება არ აქვს, მაგრამ რომც გვჯეროდეს, რომ ბლოკი გამონაკლისს დაუშვებს, არსებობს ძალიან მკაფიო მოთხოვნა, რომ სომხეთმა მინიმუმ ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლის პროცესი დაიწყოს. მე არ მჯერა და ვერ ვხედავ ვერანაირ გზას, რომ სომხეთმა ევროკავშირში შესვლის პროცესი დაიწყოს და ამავდროულად ევრაზიის კავშირიდან გამოსვლა მოინდომოს, ეს ძალიან ჩახლართული პროცესია. ამიტომ ვსაუბრობთ ჰიპოთეტურ შესაძლებლობაზე და არა - რეალურზე”, - ამბობს პოღოშიანი.
APRI Armenia-ს უფროსი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სომხეთისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს აჩენს.
“პრობლემა ისაა, რომ ახლა დასავლეთსა და რუსეთს შორის მწვავე დაპირისპირებაა, სომხეთი კი რთულ ვითარებაშია, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავისი წევრობის გაყინვის გამო. ამიტომ, ნებისმიერი რეალური ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მათ შორის ევრაზიის კავშირიდან გამოსვლა, ნიშნავს, რომ რუსეთი ამას სომხეთის მხრიდან რუსეთისგან უკან დახევასა და ევროპისკენ გადახვევად აღიქვამს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სომხეთისთვის უსაფრთხოების რისკებს აჩენს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი, სავარაუდოდ, შესაბამისს მომენტს ელოდებიან, სომხეთზე თავდასხმის მისატანად”, - განუცხადა პოღოშიანმა BMG-ის სომხეთის ბიუროს.
პოღოშიანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლა სომხეთის ეკონომიკასაც შეუქმნის საფრთხეს. მისი განმარტებით, “პოტენციური” სტატუსისთვის ევრაზიის კავშირის დატოვება ეკონომიკური ტანჯვის საფუძველი გახდება.
“ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გამყარება კარგი და მისაღებია. მაგრამ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლაზე, ეს სომხეთისთვის ბევრ გართულებას გამოიწვევს. არ დაგვავიწყდეს, რომ სომხეთის ექსპორტის 50%-ზე მეტი რუსეთში მიდის, სომხეთი კი მათგან იაფ გაზს იღებს, რაც არა მხოლოდ ჩვენი ბინების გათბობას ხმარდება, არამედ ხელს უწყობს ჩვენი ინდუსტრიების, მათ შორის სოფლის მეურნეობის, სათბურების განვითარებას და კონკურენტუნარიანობას.
მე არ ვარ ეკონომიკური ექსპერტი, რომ ამ საკითხზე ვისაუბრო, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლის პროცესს დაიწყებს იმ იმედით, რომ 10, 15 თუ 20 წლის შემდეგ EU-ს წევრობის კანდიდატი გახდება, სომხეთი ეკონომიკურად დაიტანჯება”, - განაცხადა პოღოშიანმა.