სამშაბათს, მედიასთან საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ესპანეთი თავდაცვის ბიუჯეტს მშპ-ს 5%-მდე არ გაზრდის და NATO-ს წევრების მიერ მიღწეულ შეთანხმებას არ შეუერთდება, ტარიფებს დაუწესებს.
“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სრულიად გაუგონარია ესპანეთის ქმედება. ისინი NATO-ს წევრები არიან, თუმცა თავდაცვაზე მშპ-ს 5%-მდე გაზრდაზე უარს ამბობენ. ამიტომაც ვაცხადებ, ან გაზრდით თავდაცვის ბიუჯეტს, ან დაგიწესებთ ტარიფებს.” - განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესპანეთს უსაფრთხოების თვალსაზრისით გეოგრაფიული უპირატესობა აქვს, თუმცა ეს არ აყენებს იმ პოზიციაში, რომ NATO-ს თავდაცვის ბიუჯეტში ნაკლები კონტრიბუცია შეიტანოს. პრეზიდენტი პორტუგალიის მაგალითს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყანა რუსეთისაგან იმაზე შორსაა, ვიდრე ესპანეთი, თუმცა სამხედრო ხარჯებისთვის მშპ-ს 5%-მდე გაზრდაზე უარს არ ამბობს. ტრამპმა ესპანეთს “მაჩანჩალაც” კი უწოდა და ხუმრობით ისიც კი თქვა, რომ შესაძლოა ესპანეთის NATO-დან გარიცხვის საკითხი დააყენოს.
აქვე უნდა განიმარტოს, რომ ტრამპის კრიტიკა პედრო სანჩეის ხელისუფლების მიმართ არ ეფუძნება ივნისის თვის NATO-ს შეთანხმებას და ცდება იმ დათქმას, რომელზეც ყველა წევრი შეჯერდა. საუბარია ესპანეთისთვის უფლების მიცემაზე, არ გაზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 5%-მდე. მაშინ პრემიერ-მინისტრმა სანჩესმა განმარტა, რომ ამის გაკეთებას 2035 წლამდე ქვეყანა ფიზიკურად ვერ მოასწრებს. მაშინ ტრამპმა და NATO-ს ყველა სხვა წევრმა ეს არგუმენტი გაიზიარა, თუმცა ტრამპმა გუშინ პოზიცია მოულოდნელად შეცვალა.
შეგახსენებთ, ესპანეთი ამჟამად მშპ-ს მხოლოდ 1.3%-ს ხარჯავს თავდაცვაზე და დებს პირობას, რომ წლის ბოლომდე მას 2%-მდე გაზრდის.




























