"კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი, დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს - ამის შესახებ ბერიკაშვილმა დღეს Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უთხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბერიკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდა.
ბერიკაშვილის ბრალდებებს მალევე უპასუხა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, რომელიც ამბობს, რომ ტყუილია, რომ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. როგორც მან BMG-ის განუცხადა, ის სოსო ბერიკაშვილის მუშაობით უკმაყოფილო იყო.
გადაცემა “საქმის კურსთან” ინტერვიუში სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, რომ გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი პოლიტიკურია, მისი თქმით, თუ რეორგანიზაცია იყო მიზეზი, გაუგებარია, რატომ დადგა ამის საჭიროება მაინცდამაინც დღეს, შუა სემესტრში.
“ერთადერთი მიზეზი იყო პოლიტიკური ზეწოლა, აქამდე ყოფილა გაფრთხილებები რომ თურმე ღარიბაშვილზე რაღაც პოსტებს ვწერ და სუს-იდან დამირეკეს. მანამდე იყო გაფრთხილებები, გაშვებაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ როგორც ჩანს აპრილის ბოლოს საკითხი მძიმედ დადგა და იმდენად მძიმედ რომ საჩქარო იყო ეს ყველაფერი, შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და დაწერა ბრძანება, სადაც უთითებს, რომ რეორგანიზაციის გამო ათავისუფლებს იოსებ ბერიკაშვილს დეკანის პოზიციიდან, რაც რა თქმა უნდა, ტყუილია. ყველას გვესმის, რომ რეორგანიზაცია არ ხდება შუა სემესტრში. 6 წელზე მეტია უნივერსიტეტში ვმუშაობ და რატომ გახდა დღეს მაინცდამაინც ჩემი გაშვება საჭირო გაუგებარი არის ის რომ მართალი იყოს რასაც ბატონი კახა შენგელია ამბობს. თვითონ ხომ იცის რაც არის სიმართლე, ოდესმე ალბათ ამ სიმართლეს აღიარებს, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ოდესმე უკეთესი ქვეყანა გვექნება და ასეთი რაღაცები აღარ მოხდება”, - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.