მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ვიქნები სებ-ის საბჭოში, ვიქნები დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებში, როგორც ყოველთვის - ლევან სურგულაძე

ლევან სურგულაძე

თუ ვიქნები სებ-ის საბჭოში, ვიქნები დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებში, როგორც ყოველთვის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ლევან სურგულაძემ, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მოსმენაზე, განაცხადა.

მისი თქმით, სებ-ი დამოუკიდებელი უნდა იყოს გადაწყვეტილებებში და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია.

"ეროვნული ბანკი არის კანონით დამოუკიდებელი ნებისმიერი გარე ორგანიზაციისგან თუ პიროვნებისგან. მან გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მხოლოდ იმ მონეტარული პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც მიმდინარე მონეტარული პოლიტიკა განსაზღვრავს.მისი მიზანი უნდა იყოს ფინანსური სტაბილურობა და დაბალანსება ეკონომიკის ზრდისა და ინფლაციის და მხოლოდ ამ მიზნებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს სებ-მა ნებისმიერი თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი ჩარევისა და კონსულტაციების გარეშე. სებ-ს ასევე აქვს ძალიან დიდი მიკროეკონომიკური როლიც - ის არის ჩვენი საფინანსო სისტემის მარეგულირებელი და შესაბამისად იმ მიზნებიდან, მდგრადობიდან ამოცანებიდან გამომდინარეც იგი დამოუკიდებელი უნდა იყოს. თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული რომ ვიყო საბჭოში, რა თქმა უნდა ვიქნები დამოუკიდებელი. ჩემი ცხოვრების განვლილი წლების და სამუშაო ადგილების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის როდესაც საჭირო იყო, ვიყავი სრულიად დამოუკიდებელი ჩემს გადაწყვეტილებებში და არავის ზეგავლენის ქვეშ არ ვექცეოდი", - განაცხადა მან.

სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია.

სებ-ის საბჭოს წევრთა შესარჩევ კომისიაში შედიან: თამარ სულუხია - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის და ISET კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, (კომისიის თავმჯდომარე), არჩილ მესტვირიშვილი - სების საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი - ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ისაკაძე - მედიაკომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები