მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ვიტყვით, რომ ინტელექტუალური საკუთრება ფსევდო უფლებაა, ხელოვანებს შეურაცხყოფას მივაყენებთ“

6312eff69ed7f
ალა ისპირიანი
03.09.22 12:30
970
საქართველოში უკვე კვირაზე მეტია მეკობრული ვებგვერდები (adjaranet და imovies) გაითიშა, რის გამოც ადამიანები ამ საიტებზე სხვადასხვა ფილმისა თუ სერიალის ნახვას ვეღარ ახერხებენ. აღნიშნულის მიზეზად, აგვისტოში ვებგვერდების წარმომადგენლებისთვის საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანისთვის განკუთვნილი ორწლიანი ვადის ამოწურვა დასახელდა.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში თქვეს, ინტერნეტ სივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია და ამიტომ ისინი ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, წლებია დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან ერთად, ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლებისთვის აქტიურად მუშაობენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტარმა ჰერმან საბომ გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა, რომ ინტელექტუალური საკუთრება ფსევდო უფლებაა და თუ აღნიშნული უფლება ბოლომდე აღსრულდა "ქვის ხანაში დავბრუნდებით".

მისგან განსხვავებული აზრი აქვს, ანტიმეკობრული ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ზუკა ბეჟაშვილს, რომელმაც იგივე გადაცემაში თქვა, რომ თუ ვიტყვით, რომ ინტელექტუალური საკუთრება ფსევდო უფლებაა, თითოეულ ხელოვანს შეურაცხყოფას მივაყენებთ.

„მას იმიტომ ჰქვია ინტელექტუალური საკუთრება, რომ ინტელექტის შედეგად შექმნილი ობიექტური ფორმით გამოხატული მატერიაა. სასიხარულოა, რომ ქმედითი ნაბიჯები იდგმება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქართველი ხელოვანები, შემსრულებლები თუ არტისტები დაუფასებლები იყვნენ. მათ ყველაფერს ჰპარავდნენ და საშუალება არ ეძლეოდათ გაწეული შრომისთვის სათანადო ანაზღაურება მიეღოთ. განსაკუთრებით ეს თვალსაჩინო ფილმების მიმართ იყო, როდესაც საქართველო მეკობრეობის ჰაბი გახდა. ლეგალურ პლატფორმასა და მეკობრულ პლატფორმას შორის ის განსხვავებაა, რომ შემოსავალი, რომელსაც მეკობრული პლატფორმები იღებდნენ, არა მთლიანად ჯიბეში ჩაიდონ, არამედ მათ იმ ფილმებისთვის უნდა გაენაწილებინათ, რომლებიც რეიტინგს უწერდნენ და მათი საშუალებით ფულს შოულობდნენ. თუ ვამბობთ, რომ ინტელექტუალური საკუთრება ფსევდო უფლებაა, თითოეულ ხელოვანს შეურაცხყოფას ვაყენებთ““, - ამბობს ზუკა ბეჟაშვილი.

მისივე თქმით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ხელოვანი ადამიანებისთვის ეკონომიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ოჯახის სარჩენად საყვარელი საქმის მიტოვება და სხვა სამსახურის ძებნა არ უნდა უწევდეთ. ბეჟაშვილს მაგალითად აშშ მოჰყავს, სადაც მისი თქმით, ქვეყნის მთლიანი მშპ-ის 38% ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ ბიზნესებზე მოდის.

„როდესაც ხელოვანმა კონკრეტული ნაწარმოები შექმნა და საზოგადოებას მოსწონს, მას აღარ უნდა უწევდეს, რომ ოჯახის სარჩენად, მაგალითად, გადაზიდვებზე იმუშაოს. თუ მისი შემოქმედება გიყვარს და მოიხმარ მინიმალური გადაიხადე ამისთვის და მას მიეცი საშუალება ის აკეთოს, რაც კარგად გამოსდის.

მაგალითად, ამერიკის მთლიანი მშპ-ის 38% ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ ბიზნესებზე მოდის და ამ მიმართულებით, დაახლოებით 27 მილიონი ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა ზუკა ბეჟაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები