მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას განვაგრძობთ - ეროვნული ბანკი

თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს. სებ-მა განაკვეთი ბოლოს 0.25 პროცენტული პუნქტით, 30 ივლისს შეამცირა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ამჟამად ინფლაცია სებ-ის სამიზნე 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება, თუმცა მაღალია გლობალური გაურკვევლობა გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, აღნიშნულის გათვალისწინებით ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს მხოლოდ ფრთხილი ბიჯებით ამცირებს.

"იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

"საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალია. მიმდინარე წლის აგვისტოში ფასების საერთო დონე წლიურად 1.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 0.9 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის ეტაპობრივი კლება განაპირობებს. ყოველივე ეს ეკონომიკაში გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზების ინდიკატორია, რაც თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, როგორც გამკაცრების, ისე შერბილების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალია. თუმცა მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხი შედარებით სუსტია, რაც, სებ-ის შეფასებით, პოტენციური ზრდის დაჩქარებაზე მიუთითებს. ეროვნული ბანკის არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება.

პოზიტიური ფაქტორების მიუხედავად საყურადღებოა მაღალი გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლოა ინფლაციური წნეხი წარმოქმნას. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები და საერთაშორისო ტრანსპორტირების გართულება კვლავ სახეზეა. ამის ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ გაურკვევლობა გაზრდილია, რაც იმპორტული საქონლის ინფლაციის ზრდის რისკებს ქმნის. ამავდროულად, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, პოტენციალის ზრდასთან ერთად მაღალი საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რომლის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნაა. შესაბამისად, შიდა ეკონომიკური აქტივობის ტენდენციებიც ინფლაციურ რისკებს შეიცავს,"- წერს ეროვნული ბანკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები