მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ტუნისიდან და ყაზახეთიდან ტურისტების ჩამოყვანა შეგვიძლია“ - PEGAS Touristik Georgia შემომყვან ტურიზმს ააქტიურებს

სალომე ბერაია

კომპანია PEGAS Touristik Georgia შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით მუშაობას იწყებს.

როგორც კომპანიის დირექტორი, სალომე ბერაია BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, PEGAS Touristik, რომელიც გამყვან ტურიზმზე მუშაობს და 23 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა, აპირებს ამ ქვეყნებში აქტიურად მუშაობას, რათა საქართველოში ტურისტული ნაკადები გაზარდოს.

“შემომყვან ბაზარზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. შარშან ვგეგმავდით შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურობას, თუმცა იმ პერიოდში შექმნილი არეულობის გამო, აქციები დროებით შევაჩერეთ. ახლა კვლავ დავუბრუნდით ამ მიმართულებას”, – აღნიშნა ბერაიამ.

მისი თქმით, PEGAS Touristik-ს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი საერთაშორისო პორტფოლიოს ეფექტურად გამოიყენოს.

“ჩვენ შეგვიძლია აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ტუნისიდან ტურისტები ჩამოვიყვანოთ. ტუნისში ჩვენი ოფისი ძალიან წარმატებულია, და გვსურს იგივე შედეგი საქართველოშიც მივიღოთ ჩამოვიყვანოთ ტურისტები, რომლებსაც საქართველოში ვიზა არ სჭირდებათ”, – განაცხადა ბერაიამ.

ბერაიას შეფასებით, შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტივობა უკვე შეინიშნება. წინასწარი ანალიზის მიხედვით, საახალწლო პერიოდის მონაცემები პოზიტიურია. “გადავხედეთ სტატისტიკას – ეს არ არის გასულ წელთან შედარებით ყველაზე დიდი მაჩვენებელი, თუმცა ნიშნები ძალიან კარგია. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შემომყვან ტურიზმში კიდევ უფრო მეტი რესურსი და ძალისხმევა ჩავდოთ”, – დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები