2025 წელი საქართველოს ენერგეტიკული სექტორისთვის რადიკალური ცვლილებების, ტურბულენტობისა და ერთგვარი გადატვირთვის პერიოდი აღმოჩნდა - ასე აფასებს GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი BMG-სთან გასულ წელს და აღნიშნავს, რომ დარგში არსებულმა ბიუროკრატიულმა ბარიერებმა, არასტაბილურმა გარემომ და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა, ფაქტობრივად, მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელება შეაჩერა.
„მთავარი გამოწვევა, ალბათ, არის და რჩება პროგნოზირებადობა, არასტაბილურობა და არათანმიმდევრულობა. ანუ, საჭიროა გარკვეული თამაშის წესების დადგენა და გამჭვირვალობა. კერძო სექტორის ჩართულობა ამ ეტაპზე, ასე თუ ისე, უზრუნველყოფილია. თუმცა, გრძელ ვადაში ბიზნესისთვის, განსაკუთრებით, ჩვენი სექტორისთვის, რომელიც გრძელვადიანი ინვესტიციით გამოირჩევა, ძალიან მნიშვნელოვანია პროგნოზირებადობა ჰქონდეს და იცოდეს, თანმიმდევრულად რა ნაბიჯები იქნება გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან და რა ხელშეწყობის ინსტრუმენტები ექნება სახელმწიფოსგან“ - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.
მისივე თქმით, ბიზნესი ამჟამად მთავრობის მიერ დაანონსებული ახალი, დეტალური გეგმის მოლოდინშია, რომელიც დარგის მომავალ პრიორიტეტებსა და თამაშის წესებს განსაზღვრავს. ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რაც ენერგეტიკის სექტორისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ბოლო შეხვედრაზე განიხილეს.
„წელი დავიწყეთ იმით, რომ 17 000 მეგავატის განაცხადის მქონე კომპანიები გვყავდა და მთავრობაც, პრინციპში, ღია იყო იმისთვის, რომ მათთვის მოეწერა ხელი მემორანდუმებზე. ზუსტად ახლა იყო ამ საკითხების შეჯამება და ჩემი აზრით, მთავარი აქედან არის ის, თუ რამდენი მეგავატი სჭირდება ქვეყანას ამ 17 000-დან რეალურად და ტექნიკურად, რამდენის მიერთების საშუალება აქვს.
ამიტომ, ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად დაიგეგმოს, და მეორე მხრივ, ბიზნესს ესმოდეს გამჭვირვალედ და გასაგებად, თუ რა თამაშის წესებია, ვისი დაერთება იქნება შესაძლებელი პირველ ეტაპზე, ვისი - მეორე ეტაპზე, რა ვადები იქნება და ასე შემდეგ.
ჩვენი ბიზნესი მოგეხსენებათ, რომ ზოგადად არის ფინანსურად ტევადი, გრძელვადიანი და ძალიან მგრძნობიარე არასტაბილურობის მიმართ. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე იყო ზუსტად მაგაზე საუბარი, რომ უახლოეს მომავალში იქნება ძალიან დეტალური გეგმა, თუ რა პრიორიტეტებს მიანიჭებს სახელმწიფო, როგორი ტიპის სადგურებს, იქნება ეს ქარი თუ ჰიდრო. ჰიდრო, რა თქმა უნდა პრიორიტეტულია ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მთავრობისთვის და რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ ერთნაირი ხედვა გვაქვს ამ მიმართულებით“ - ამბობს გიორგი აბრამიშვილი BMG-სთან.
მისივე ცნობით, ენერგეტიკის კერძო სექტორი მთავრობისგან ელოდება გეგმას იმ საკითხებზეც, თუ კონკრეტულად ვის და რა პრინციპით ჩამოეწერება ჯარიმები. შესაბამის გეგმას, ეკონომიკის სამინისტრო, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში წარადგენს.
„უნდა აღინიშნოს, რომ მისასალმებელია ეს ხშირი შეხვედრები საჯარო სექტორსა და კერძო სექტორს შორის. ჩვენს წუხილებს, პრობლემებს პირველ პირში ისმენს მთავრობა და ალბათ, ამის ერთ-ერთი უპრეცედენტო მაგალითია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მრჩეველთა საბჭო, რომელიც კერძო სექტორისგან არის შემდგარი და კერძო სექტორთან ერთად განიხილავს ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემას და ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება“ - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.
"ქართული ოცნების" მთავრობაში ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 30 დეკემბერს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლითაც კომპანიებს ჯამში, მილიარდი ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერათ.
ქვრივიშვილის ინფორმაციით, ჯარიმის ჩამოწერის შემდეგ, კერძო სექტორს თავისუფლება ექნება პროექტის ეტაპიდან და შინაარსიდან გამომდინარე, თავად განსაზღვროს მისი განვითარებისთვის საჭირო ახალი ვადა. ქვრივიშვილი ასევე ამბობს, რომ სექტორთან მუშაობის პროცესში იდენტიფიცირებული მთავარი გამოწვევა სწორედ ჯარიმების კომპონენტი იყო, რის გამოც პროექტების დიდი ნაწილი შეფერხებული იყო.
ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმა, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.




























