ამასთან, ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქში რამდენიმედღიანი ძლიერი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი უკვე საკმაოდ დიდია. ვენეციის მერის განცხადებით, ქალაქს, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს, რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ოდენობის ზიანი მიადგა.
დატბორილია უამრავი ისტორიული შენობა-ნაგებობა. მათ შორის მსოფლიოში ცნობილი წმინდა მარკოზის ბაზილიკა. წყალმა შეაღწია ’’ლა ფენიჩეს’’ თეატრშიც. ასევე, სტიქიამ რამდენიმე წყლის ავტობუსი დააზიანა. წყალმა დატბორა საოჯახო სასტუმროების უმეტესობა და რესტორნებიც.
იტალიის ტურისტულ ქალაქში ამ დროისათვის მდგომარეობა შედარებით სტაბულურია. სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდის გაუარესება აღარაა მოსალოდნელი. სამაშველო და საგანგებო სამსახურები ქალაქის გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. სკოლებმა, სხვა სასწავლო დაწესებულებებმა და მუზეუმებმა მუშაობა განაახლეს.
ვენეციაში კრიტიკული ვითარება 13 ნოემბერს შეიქმნა, როდესაც ქალაქში წყლის დონე გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში რეკორდულ დონემდე - 187 სანტიმეტრამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1966 წლის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ. წყალმა ვენეციის თითქმის 80%-ის დატბორვა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთავრობა დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციას უზრუნველყოფს. როგორც ცნობილია, დაზარალებულებს 5000-დან 20 000-მდე ევროთი დაეხმარებიან.