მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტების ე.წ კოვიდ-დაზღვევა დაახლოებით უცხოელი სტუდენტების დაზღვევის იდენტური იქნება - "ჯიპიაი ჰოლდინგი"

5f5f61daba7e6
ელენე გოგბერაშვილი
14.09.20 22:20
2912
საქართველოს მთავრობის 10 სექტემბრის #572-ე დადგენილებით, უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტებისთვის ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა სავალდებულო გახდა. მათ საქართველოში სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დაზღვეული უნდა ჰქონდეთ ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევა იმ პირობების შესაბამისად, რაც მთავრობამ დადგენილებით განისაზღვრა.

სტუდენტების დაზღვევით უზრუნველყოფის ვალდებულება კი საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს.

სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებს მათ შორის COVID-19-თან დაკავშირებული მომსახურების ხარჯების დაფარვას გარკვეული ლიმიტების გათვალისწინებით. დაზღვევა ფარავს როგორც ტესტირებას, ისე კარანტინს (დღიური ლიმიტი 60.00 ლარი) და მკურნალობას ( მაქსიმალური დღიური ლიმიტი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 150.00 ლარს, მძიმე პაციენტის მკურნალობის შემთხვევაში – 350.00 ლარს).

უცხოელი სტუდენტების შემდეგ ე.წ კოვიდ-დაზღვევა სავარაუდოდ სავალდებულო გახდება ტურისტებისთვისაც. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, მუშაობა ამ საკითხზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საგანამათლებლო დაწესებულებებისთვის სტუდენტურ კოვიდ-დაზღვევის შეთავაზებები უკვე დაიწყეს სადაზღვევო კომპანიებმა. რაც შეეხება ტურისტულ დაზღვევას, როგორც "ჯიპიაი ჰოლდინგის" კომუნიკაციების დირექტორი ამბობს, სავარაუდოდ ტურისტებზე გათვლილი პოლისი სტუდენტური პაკეტის იდენტური იქნება.

„აქტიურად ვმუშაობთ უნივერსიტეტებთან, მზად გვაქვს შეთავაზება და ეს ბაზარი არის რა თქმა უნდა საინტერესო და ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ათასობით უცხოელი სტუდენტია და ეს ხარჯი რთული იყო სახელმწიფოსთვის, რომ დაეფინანსებინა. რაც შეეხება ტურისტებს, ჯერჯერობით მიდის კონსულტაციები მთავრობასთან, ეს თემა ნაკლებად აქტუალურია ამ ეტაპზე, რადგან ტურისტების შემოდინება ჯერჯერობით არ არის, თუმცა თუკი საზღვრები გაიხსნება, რა თქმა უნდა ქვეყანა მზად დახვდება იმ მხრივ, რომ სადაზღვევო ინდუსტრია აიღებს ჯანმრთელობის ხარჯების დაფინანსებას.

ჯერჯერობით არ არის დასრულებული შემოსულ ტურისტებზე საკანონმდებლო რეგულაციაზე მუშაობა, თუმცა ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით იდენტური იქნება, რაც არის სტუდენტების შემთხვევაში და შემოსულ ტურისტს საზღვარზევე მოუწევს ე.წ სამოგზაურო დაზღვევის აღება, რომელიც დაფარავს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს საქართველოს ტერიტორიაზე“, -აცხადებს თინა სტამბოლიშვილი.

აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს სადაზღვევო ასოციაციასთან. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, დევი ხეჩინაშვილმა bm.ge-თან განაცხადა, ტურისტების სავალდებულო დაზღვევაზე, რომელიც მათ შორის მოიცავს კოვიდის კომპონენტს, მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები