ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე გუშინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს „შემზარავს და მძიმეს“ უწოდებს და BM.GE-სთან საუბრისას ტურისტის დაჭრის ფაქტს მიუღებლად მიიჩნევს.
„როდესაც საუბრობ ქვეყნის განვითარებაზე, ცდილობ ქვეყანა მსოფლიო რუკაზე დაიტანო და ამავდროულად ასეთი ინფორმაცია გადაიცემა, ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუშლის ინვესტიციების შემოდინებას... ტურიზმს დააფიქრებს. იმედს ვიტოვებთ, ეს ფაქტი ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული და ყველა ასეთი პრეცედენტი აღმოიფხვრება. თუ გვინდა განვითარება, მსგავსი ძალადობა მიუღებელია“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სადაც ნათია თურნავამ პროგრამა „ეკონომიკა 2030“ წარადგინა.




























