შატილში მდებარე კაფე „სანფლაუერის“ დამფუძნებელი, გიორგი ჭინჭარაული BM.GE-სთან რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივ სასტუმროებში ჯავშნები საკმაოდ მცირეა.
მისი ინფორმაციით, რეგიონში ამ ეტაპზე ყველა ობიექტი დაკეტილია, რადგან შატილში ჯერ კიდევ უამინდობაა, თუმცა მოსახლეობა გასულ წლებთან შედარებით, შემცირებულ ჯავშნებზე საუბრობს და ამბობენ, რომ წელს სუსტი წელი იქნება.
„ამ ეტაპზე არაფერია გახსნილი. სულ რაღაც 3 – 4 დღის წინ გაიხსნა გზები, რადგან როგორც მოგეხსენებათ, დიდთოვლობის გამო, გზები იკეტება ხოლმე, ტურისტული სეზონი ძირითადად ივნისიდან იწყება, რადგან იქ ჯერ კიდევ წვიმები და სიცივეა.
ჩემი ინფორმაციით, ადგილობრივ სასტუმროებში ჯავშნები საკმაოდ მცირეა. ტურისტული ობიექტები საუბრობენ, რომ ამ დროს, გასულ წლებში უფრო მეტი ჯავშნები ჰქონდათ ხოლმე. შესაბამისად, მოლოდინია, რომ გასულ წლებთან შედარებით, უფრო სუსტი წელი უნდა იყოს“,-აცხადებს ჭინჭარაული.
აღსანიშნავია, რომ შატილში, წლების განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა არსებობდა. ამის მიზეზი, რეგიონში, ჰესის „ბიტეხი 1“დაზიანება სახელდებოდა. შესაბამისად, ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები გაუქმებული ჯავშნების შესახებ საუბრობდნენ.
როგორც კაფეს დამფუძნებელი BM.GE-სთან აღნიშნავს, ჰესთან დაკავშირებული პრობლემები რეგიონში თითქმის მოგვარებულია. კერძოდ, რეგიონში ძველი ჰესი საპილოტე რეჟიმში აამუშავეს და ამ ეტაპზე, დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს, თუ რამდენად კარგად იმუშავებს. შესაბამისად, ამჟამად, შატილს ელექტროენერგია მიეწოდება.