გერმანიიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიების: ZDF-ის, VOX-ის, n-tv-სა და Sky-ის ეთერით საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება მიმდინარეობს. ტელეკომპანიების აუდიტორია 66 მილიონს აჭარბებს.
ვიდეო რეკლამის პარალელურად გერმანიის დიდ ქალაქებში, მთავარ მოედნებსა და ცენტრალურ გამზირებზე საქართველოს ზამთრის კურორტებისა და ქვეყნის ტურისტული პროდუქტების შესახებ სარეკლამო ბანერებია განთავსებული.
კამპანიის მიზანია, ზამთრის ტურისტული სეზონის წინ საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ქვეყნის ზამთრის კურორტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას გერმანიიდან საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ გერმანიიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები პანდემიამდელ დონემდე ვერ აღდგა. რეკორდული, 89 051 ვიზიტი 2019 წელს განხორციელდა. 2025 წლის 9 თვის მონაცემებით კი 65 968 ვიზიტი შედგა, რაც წლის ჭრილში 5%-იანი ზრდაა და ამ მაჩვენებლით გერმანია Top-15 ქვეყანას შორისაა.
გერმანიიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები





























