მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის ადმინისტრაცია ქართული გასტრონომიის SWOT ანალიზსა და სტრატეგიაში 261,000 ევროს გადაიხდის

სუფრა რესტროანი საკვები ხაჭაპური ხინკალი

2025 წლის 26 ივნისს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანურ კომპანიასთან FORO DE DEBATE SLU ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც კონსულტანტმა ქვეყნის გასტრონომიული ტურიზმის პოზიციონირების გეგმა უნდა შეიმუშაოს. პროექტის მთლიანი ღირებულება 261,435 ევროა.

ხელშეკრულების თანახმად, პროექტის მიზანია, საქართველომ გააძლიეროს როგორც საერთაშორისო მასშტაბით მიმზიდველი გასტრონომიული ტურიზმის მიმართულება და შეიქმნას გრძელვადიანი სტრატეგია ამ დარგის განვითარებისათვის.

ხელშეკრულება სახელმწიფომ გამარტივებული წესით გააფორმა. მომსახურების საგანი საქართველოსთვის სამეტაპიანი სტრატეგიის შექმნას გულისხმობს, რომელიც მოიცავს:

I ფაზა – დიაგნოზი და ანალიზი:

პროექტი დაიწყება საქართველოს გასტრონომიული გარემოს კვლევით. კომპანია ჩაატარებს ინტერვიუებს ადგილობრივ შეფ-მზარეულებთან, მწარმოებლებთან, ღვინის მწარმოებლებთან და მომხმარებლებთან. ამავე ფაზაში მოიაზრება გასტრონომიული ტურიზმის მსოფლიო ტენდენციებთან შედარება (benchmarking) და წარსული თუ მიმდინარე კომუნიკაციური პრაქტიკის შეფასება.

ამ ფაზის მნიშვნელოვანი ნაწილი არის SWOT ანალიზი, რომლის მიზანია საქართველოს, როგორც გასტრონომიული ტურიზმის მიმართულების, ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება.

II ფაზა – სტრატეგიის ჩამოყალიბება:
საქართველოს, როგორც გემოს ქვეყნის პოზიციონირების სტრატეგია. აქ შედის მდგრადობის ასპექტების გაანალიზება, მიზნობრივი პარტნიორობები, ბრენდ ნარატივი, სოციალური მედიის მეშვეობით კომუნიკაციის მიდგომები და ტიფლისის (თბილისის) გასტრო-ბრენდის შესაძლებლობის შეფასება.

III ფაზა – გასტრონომიული მარკეტინგის გეგმა:
მომდევნო წლებისთვის დეტალური სამოქმედო გეგმა, კონკრეტული აქტივობების, ბიუჯეტისა და დროის განრიგის ჩათვლით.

ხელშეკრულების პირობებით, მომსახურება ეტაპობრივად, ექვსი თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ხელშეკრულებაში გაწერილია ხარისხის კონტროლის წესები: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე ჩაატაროს შემოწმება, ხოლო ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით გამოასწოროს პრობლემები.

პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 31 იანვარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები