11 ნოემბერს, ბათუმში ტურიზმის ფესტივალის, „ტურისტერი 2023“-ის ფარგლებში „ტურიზმის მოსაკრებლის“ შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩატარდება, სადაც მისი დანერგვის პერსპექტივებზე იქნება მსჯელობა.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა, ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მამუკა ბერძენიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, საპილოტე რეჟიმში ტურიზმის მოსაკრებელი, სავარაუდოდ, 2025 წლისთვის ბათუმში ამოქმედდება, მისი ტარიფი კი 1 ლარი იქნება. ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი გარემოს დაცვას, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდას უნდა მოხმარდეს, რაც რეგიონისთვის დამატებითი შემოსავლის მომტანი იქნება.
„ტურისტერის“ ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი ვორქშოპი ტარდება ტურიზმის მოსაკრებლის დანერგვის პროცესზე, რომელიც USAID-თან ერთად მიმდინარეობს. მოსაკრებლის დანერგვა ხელს უწყობს ტურიზმის პოლიტიკის დეცენტრალიზაციას იქიდან გამომდინარე, რომ ეს გადასახადი არის მუნიციპალური და მისი აკუმულირება ხდება მუნიციპალიტეტებში. არსებობს ფორმალური შეთანხმება, რომ ბათუმი იყოს საპილოტე ქალაქი საქართველოში და თუ დანერგვის პროცესი წავა ისე, როგორც პროგნოზი მეტყველებს, ანუ დადებითად, შემდეგ მისი ადაპტირება მოხდეს სხვა დიდ ქალაქებში.", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
როგორც ის განმარტავს, ტურიზმის მოსაკრებელი ეს არის გადასახადი, რომელსაც იხდის ტურისტი სასტუმროში ღამის თევისას, მას არასდროს იხდის სასტუმრო ან, ნებისმიერი განთავსების ობიექტის მფლობელი, შესაბამისად, ეს რაიმე ფორმით ბიზნესს ოპერატორებისთვის დაწოლა წნეხი არ იქნება.
"კვლევის მიხედვით, რომელიც ბათუმისა და ქობულეთის სასტუმროებში ჩავატარეთ, ობიექტები დადებითად ეკიდებიან მოსაკრებლის დაწესებას. შედეგების პრეზენტაცია გაიმართება 11-ში სადაც ვისაუბრებთ ასევე რეგულირების ზეგავლენის პოტენციური შედეგებზეც, რომელიც გვაჩვენებს რამდენად ავნებს თუ არ ავნებს გარემოს, რა პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს ხალხის მიმართ, როცა ამ მოსაკრებელს კრებს და რა ტიპის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს ის. ჩვენი პრაქტიკა მიდის იქითკენ, რომ ეს არ იყოს განსაზღვრული. საჭიროებიდან გამომდინარე ხდებოდეს მისი გახარჯვა, თუმცა როგორც წესი აქცენტი გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ახალი სამიზნე ბაზრებზე მუშაობაზე და სეზონურობის სტიმულირებაზე მიდის, სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებით, რათა ტურისტები ქალაქში ჩამოვიდნენ წელიწადის ყველა დროს", - განმარტავს ბერძენიშვილი.
რაც შეეხება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ, ბერძენიშვილი ამბობს, რომ მათი პოზიცია დადებითია.
"მოლოდინი გვაქვს, რომ საკითხი მალე იხილავს დღის სინათლეს. სავარაუდოდ, ეს მოხდება 1-დან 2 წლის ფარგლებში. ლოგიკურია, რომ 2025 წლისთვის ეს მოსაკრებელი გვქონდეს მინიმუმ საპილოტე რეჟიმში ბათუმში. საუბარია 1-ლარიან ტარიფზე. წელს რომ ბათუმს ეს მოსაკრებელი ჰქონოდა, 4-დან 6 მლნ ლარამდე მიიღებდა ერთ ადამიანზე, რაც ტურიზმის პოლიტიკას გააუმჯობესებდა. მისი ზრდა ხდება მცირე ბიჯებით, თუ 1 ლარი იქნება პირველ წელს, ყოველწლიურად 10 თეთრით მოიმატებს, ანუ 10 წლის პერსპექტივაში 100 მლნ ლარიან შემოსავალზე შეიძლება ვისაუბროთ, რაც დადებით ფაქტად განიხილება ნებისმიერი საჭიროების მოგვარებისთვის", - განმარტავს ბერძენიშვილი.
ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ 10 და 11 ნოემბერს სასტუმრო "რედისონ ბლუ ბათუმში" ტარდება. ფესტივალზე პანელური დისკუსიები, სპიკერთა პრეზენტაციები და ბიზნესს გამოფენები მოეწყობა.
"ცვლილებები ეხება ყველა ტიპის განთავსების ობიექტს, რომელიც იხდის გადასახადს და არის ოფიციალურად დარეგისტრირებული. ამ გადასახადის მეორე დადებითი მხარეა, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის გამოაშკარავებას შეუწყობს ხელს, იმიტომ რომ კანონის მიღებს შემდგომი ეტაპი არის ის, რომ ქალაქმა უნდა დაამყაროს ოფიციალური ურთიერთობა Airbnb-სა და booking.com-თან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პლატფორმაზე წარმოდგენილი კომპანიებისგან მოხდება გადასახადის აკრება.“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.
წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემებია: ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში, ტურისტის ქცევის ცვლილება, ტურიზმის მარკეტინგი, მონაცემთა ანალიტიკა ტურიზმში.
ფესტივალის გენერალური სპონსორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი და USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა;
პარტნიორები: ევრო კავშირი-გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), ბათუმის მერია, რესტორნაი «რუსთაველი“, სადისტრიბუციო კომპანია „ალალი“, სასტუმრო კოლიზეუმ მარინა, სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმი, გურუ ჰოლდინგი, ბეტა პრინტი;