მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის მსოფლიო დღის მასპინძლობა ბიუჯეტს ₾2 მლნ დაუჯდა

ირაკლი კობახიძე

საქართველომ 26-29 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღეს უმასპინძლა, რომელსაც არაერთი ქვეყნის მაღალი დონის დელეგატი, ტურიზმის ადმინისტრაციის მენეჯერები და ტურიზმის აღმასრულებლები დაესწრნენ. ღონისძიების მასპინძელი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყო, რომელმაც დელეგატების დახვედრის და თანხმლები ღონისძიებებისთვის გამარტივებული შესყიდვით ₾2 მილიონი დახარჯა.

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, სტუმრების დაბინავება და ძირითადი ღონისძიებები თბილისში მდებარე სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" გაიმართა, ხოლო ღონისძიების მასპინძლობისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რამდენიმე კონტრაქტი გააფორმა, მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული 1,153,348 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია "გლობალ სინერჯი სოლუშენსთან", რომელმაც ღონისძიება დეკორაციებით და სხვადასხვა სერვისით უზრუნველყო.

250,000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა ტურიზმის ადმინისტრაციამ "პარაგრაფ თბილისთან", კონფერენციების პარალელურად, ყავით შესვენებისთვის ადმინისტრაციამ "პარაგრაფ თბილისთან" 95,932 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა, 250 სტუმრისთვის ფურშეტის გამართვისთვის ადმინისტრაციამ "რუს ჰოტელს" 28,025 ლარი გადაუხადა, დელეგატებისთვის გამართული გალა მიღებისთვის ტურიზმის ადმინისტრაციამ კომპანია "ვანილა ივენთსს" 571,347 ლარი გადაუხადა, ბიგ ბენდის დაქირავება კი ადმინისტრაციას 25 ათასი ლარი დაუჯდა.

ამასთან, 68,802 ლარის ხელშეკრულება გააფორმა ტურიზმის ადმინისტრაციამ კომპანია "შატო მუხრანთან" 230 პერსონაზე ბანკეტის გამართვისთვის, ხოლო 20,000 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია "ვი თი სერვისთან" დელეგატების სატრანსპორტო მომსახურებისთვის.

100,000 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია "ალმასთან" მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებული გარე ბანერების განთავსების თაობაზე.

მსოფლიო ტურიზმის დღის თემა წელს იყო - "ტურიზმი და მშვიდობა" - Tourism and Peace.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები