ორგანიზაციამ Georgia’s Environmental Outlook (GEO) საქართველოში მასპინძლობის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო.
Georgia’s Environmental Outlook-ის ინფორმაციით, აღნიშნული მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარებას ტურიზმის სექტორში ითვალიწინებს. პროექტი კი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებში ხელი შეუწყოს ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვასა და გავრცელებას.
"GEO მომავალი 2 წლის განმავლობაში შეისწავლის და თავს მოუყრის ქვეყანაში ენერგოეფექტური და რესურსეფექტური ტექნოლოგიების, მათი ხარჯთ- სარგებლიანობის და შეღავათიანი დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც სამიზნე რეგიონებში მომუშავე 500-მდე სასტუმროს გადასცემს.
პროექტის საფინალო ეტაპზე, შერჩეულ სასტუმროებში, დონორი ორგანიზაციის თანადაფინანსებით, საპილოტე პროექტებიც შეიქმნება - ენერგოეფექტური ტექნოლოგიები დაინსტალირდება. პროექტის სამიზნე რეგიონებია აჭარა და მცხეთა- მთიანეთი: მცხეთის, ყაზბეგის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ბათუმის მუნიციპალიტეტში განლაგებული მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები.
ამ ეტაპისთვის პროექტის პირველი ეტაპი - სასტუმროების კვლევა - უკვე დასრულდა. სოციოლოგებმა აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში საშუალო და მცირე ზომის სასტუმროების მფლობელებთან გასაუბრებები ჩაატარეს; შეისწავლეს სასტუმროების ენერგო და რესურსეფექტურობის საჭიროებები და მათთვის ამ მხრივ პრიორიტეტული ტექნოლოგიები.
პროექტი საქართველოს ბაზრის კვლევით გაგრძელდება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ბაზარზე არსებული ტექნოლოგიების, მათი შეძენის, ინსტალაციის პირობებისა და სხვა დეტალების შესახებ. საბოლოოდ კი, მოძიებული ინფორმაცია თავს ერთიან კატალოგში მოიყრის რომელიც, სწორედ, მასპინძლობის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის შეიქმნება. ასევე, მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩატარდება სემინარები და ფორუმები, რომლებიც ხელს შეუწყობს მასპინძლობის სექტორში მომუშავე მეწარმეების დაკავშირებას საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, მწვანე ტექნოლოგიების გაცნობას და გამოცდილების გაზიარებას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი ხორციელდება GIZ-ის კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI-ის) მცირე გრანტების ფარგლებში, გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვის და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს (BMUV) ფინანსური მხარდაჭერით.