ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტი, 1,733 სესხი "თიბისის" აქვს გაცემული რომელთა მოცულობაც 1.3 მილიარდ ლარს აჭარბებს, მეორე ადგილზეა "საქართველოს ბანკი" 1,230 სესხით, რომლის მოცულობაც 1 მილიარდ ლარს აჭარბებს.
სექტორის 2.9-მილიარდიანი საკრედიტო პორტფელის 87% უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. ამასთანავე მაღალია კონცენტრაცია, რადგანაც ტოპ 10 სესხზე - ანუ ტოპ ათ ობიექტზე, რომელსაც ქართული ბანკებიდან აქვთ სესხები აღებული, მთლიანი პორტფელის 38% მოდის.
პორტფელის ღირებულების 64% კორპორატიულ სესხებზე მოდის, 28% SME სფეროზე, 8% კი მიკრომეწარმეებზე.

"• სესხის ნაშთის წილი ლარში მზარდია, თუმცა ზრდის ტემპი დაბალია;
• სესხის ნაშთის ევროში კონვერტირება გაძლიერდა 2017 წლიდან დოლარის გაცვლითი კურსის ლართან მიმართებაში სწრაფი გამყარების ფონზე;
• მზარდია სესხის ნარჩენი ვადიანობა, ზრდის ტემპი შედარებით მაღალია ლარის სესხებზე, რაც ბანკების მიერ ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდით აიხსნება;
• უცხოური ვალუტის ვადიანობები თითქმის თანაბარია; ასევე გამომდინარე იქედან რომ 2021 წელს მცირე კლება იყო პორტფელში, შეინიშნება ვადიანობის შემცირებაც.
• ნაშთებზე ვადიანობის ზრდის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია საკონტრაქტო ვადიანობების ზრდა ყველა ვალუტაში; ამასთან ლარის და უცხ. ვალუტის ვადების გეპი სულ უფრო მცირდება;
• კლებადია საპროცენტო განაკვეთებიც ნაშთებზე, განსაკუთრებით ვალუტაში, 2021-ში რისკების ზრდის გამო შეინიშნება განაკვეთის ზრდა ყველა ვალუტაში, თუმცა განსაკუთრებით ლარში, რაც უმეტესწილად რეფინანსირების განაკვეთის ზრდითაც აიხსნება,"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.




























