მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს მიმართავს - რადიკალიზაცია არ არის სწორი გზა

60ab7397b0f64
ინგა მურუსიძე
24.05.21 13:36
849
ულტიმატუმები და რადიკალიზაცია არ არის სწორი გზა, - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „რიონის ხეობის მცველების" მიერ გამართულ საპროტესტო აქციას და ულტიმატუმებს, რომელსაც ისინი აყენებენ. კერძოდ, ჰესის მოწინააღმდეგეები ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაუქმებას და თავად მინისტრის გადადგომას ითხოვენ. 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, „ნამახვანჰესის“ პროექტი არის ძალიან მსხვილი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. რადგან ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა გადის ენერგეტიკაზე, ხოლო ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გადის საკუთარი განახლებადი რესურსების გამოყენებაზე.

"თუმცა, ზოგადად, როცა საუბარია ასეთ მასშტაბურ ჰესზე, ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე საჭირო განმარტებების გაკეთება. სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია ხოლმე პროტესტი მსხვილ ჰიდროსადგურებს. პროტესტი განსაკუთრებული არ არის, თუმცა ჩვენ, ხელისუფლება, ვალდებული ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. როცა საუბარი არის ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების ჩართულობით, არა ქუჩებში, არა კარვებში, არა მეგაფონის მეშვეობით. ბევრი არასწორი მითი ცირკულირებს და ჩვენ, ინვესტორთან ერთად ვცდილობთ ყველა კითხვას, ყველა მითს გავცეთ პასუხი“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების ძალისხმევით გამოცხადებულია 12-თვიანი მორატორიუმი კაშხლის მშენებლობაზე, ასევე შექმნილია ექსპერტთა საბჭო, რომელიც ამ საკითხზე მსჯელობს, გარდა ამისა, არის ფორმატი ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავათა საბჭოს ხელმძღვანელის ჩართულობით, რომელმაც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან უკვე დაწყო კომუნიკაცია.

„მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილეებს, გამოიყენონ დიალოგის ფორმატები და ჩაერთონ კონსტრუქციულ რეჟიმში. ეს არის საკითხის ყველაზე სწორად გადაწყვეტა. ულტიმატუმები და რადიკალიზაცია არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ გაირკვეს ყველა დეტალი, მათ შორის ტექნიკური. ულტიმატუმები მიუღებელია როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მიმართ. განსაკუთრებით მიუღებელია პარალიზებასა და გაჩერებაზე მოწოდებები. კოვიდმა ფაქტობრივად ისედაც პარალიზება გამოიწვია, ახლა კი ქვეყანა და ეკონომიკა უნდა ავამოქმედოთ, გავხსნათ, ავამოქმედოთ ტურიზმი. უნდა ამუშავდეს ბიზნესი, ტრანსპორტი, მაღაზიები. დარწმუნებული ვარ, ყველა პლატფორმის ფარგლებში „ნამახვანჰესის“ პროექტი გახდება გაცილებით სრულყოფილი და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები