ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ BMG-ის განუცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენის მიზნით ეროვნული ბანკი IMF-ის ტექნიკურ მისიასთან ერთად გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნათია თურნავამ მარაკეშში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა, სადაც ის IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის და ფონდის რეგიონულ დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდა. ნათია თურნავას თქმით, ამ შეხვედრებზე მან დაინახა ფონდის სურვილი, რომ შეჩერებული პროგრამა განახლდეს.
“ძალიან დადებითი და პროდუქტიული შეხვედრები მქონდა მარაკეშში, სადაც ტარდებოდა IMF-ის და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრა. მქონდა შეხვედრები სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებთან, ჩვენი რეგიონის მმართველებთან და დავინახე მკაფიო სურვილი და ნება, რომ პროგრამა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ჩვეულებრივ რიტმს. მოგეხსენებათ, რომ გაზაფხულის შემდეგ ის არის დაპაუზებული და გარკვეული შენიშვნები გამოთქვა სავალუტო ფონდმა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათთან ერთად და ჩვენი შეხვედრების შედეგიც ის იყო, რომ დავინახეთ მყარი ნება სავალუტო ფონდის მხრიდან, რომ პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. ჩვენ გვყავს IMF-ის მხრიდან გამოყოფილი ტექნიკური დახმარების ჯგუფი, რომელიც გვეხმარება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაში და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ეს ცვლილებები იქნება წარდგენილი მთავრობისა და პარლამენტის მიმართ.
მე არ მივცემ თავს უფლებას, რომ სავალუტო ფონდის მაგივრად თქვენ გესაუბროთ. ყველაფერზე პასუხი იქნება პროგრამის აღდგენა და უნდა დაველოდოთ. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე.
კითხვა - რა შემთხვევაში აღდგება პროგრამა?
პირველ რიგში ეს არის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უზრუნველყოფს ინსტიტუტის უფრო მეტ დამოუკიდებლობას, რაზეც მათ თავიდანვე ჰქონდათ ეს რეკომენდაცია. რეკომენდაციას ვიზიარებთ, რადგან ეს არ ხდება IMF-ის მოთხოვნით, ეს არის ჩვენი ამოცანაც, რომ კიდევ მეტად გამყარდეს ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა,”- განაცხადა ნათია თურნავამ.
IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩერდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. კანონის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავა აირჩია.
IMF აცხადებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ იყო, რაც ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირობების დარღვევას წარმოადგენდა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც IMF-სა და საქართველოს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისია, რასთან დაკავშირებითაც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება ფონდის შეშფოთებას იწვევს.
რაც შეეხება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა მიღებისკენაც ფონდი საქართველოს მოუწოდებს - როგორც მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი, ეს არის ცვლილებები, რომლებიც მიმართული უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს გაძლიერებისკენ.