„ნათია თურნავასთან კომუნიკაციის პრობლემა შეხვედრისა და გადაწყვეტილების მიღების ნაწილში არ არსებობდა“, - ასე აფასებს ბიზნესმენი, „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ბიზნესთან დამოკიდებულების საკითხს BM.GE-სთან საუბრისას.
მისი თქმით, ნათია თურნავას უშუალო ჩართულობით „მაკდონალდის“ ახალი რესტორნის გახსნის საკითხი მოგვარდა. გარდა ამისა ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ბიზნესთან ურთიერთობის სხვა კარგი მაგალითებიც ჰქონდა.
„ნათია თურნავასთან კომუნიკაციის პრობლემა - შეხვედრის და გადაწყვეტილების მიღების ნაწილში არ არსებობდა. მისი მინისტრობის დროს ჩვენ, მაგალითად ორი უშველებელი პროექტი განვახორციელეთ - „კოკა-კოლის“ ახალი ქარხანა ავაშენეთ, „მაკდონალდსის“ ახალი რესტორანი ავაშენეთ აეროპორტის გზაზე, სადაც ნათიას უშველებელი როლი აქვს ნათამაშები, რადგან მაქსიმალურად ცდილობდა, ხელი შეგვიწყო მიწის ნაკვეთის გამოყოფაში. ვფიქრობ, კომუნიკაციის თვალსაზრისით, ნათია თურნავასთან არავის პრობლემა არ ჰქონია. წლების განმავლობაში მოკლედ, რომ ვთქვათ ჩვენთან ერთად ყალიბდებოდა როგორც მინისტრი და აქედან გამომდინარე ხანგრძლივი ნაცნობობის პერიოდი გვაკავშირებდა“, - განმარტა თემურ ჭყონიამ.
ცნობისთვის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა უწყების ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს, „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება, თუმცა სფეროს იცვლის.




























