ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოსა და თურქეთის ექსპერტთა ორმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა.
უწყების ცნობითვე, სხდომაზე განხილულ იქნა მხარეთა მიერ საავტომობილო მიმოსვლის სფეროში მოქმედი მთავრობათაშორისი შეთანხმების მოთხოვნათა დაცვა და ორმხრივი საავტომობილო მიმოსვლის კვოტირებული ნებართვების დადგენა/გაცვლის, ასევე რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის საკითხი.
სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ განიხილეს ასევე საავტომობილო მიმოსვლის სფეროში არსებული ბოლოდროინდელი შემაფერხებელი გარემოებები და დაისახა მათი გადაჭრის კონკრეტული გზები, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა საავტომობილო გადაზიდვების კვოტების ოპტიმიზაციასა და საქართველოსთვის სატვირთო გადაზიდვების თურქული ნებართვების დამატებით გამოყოფის საკითხზე და შეთანხმება შედგა.
“შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი გადამზიდველებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი საავტომობილო გადაზიდვების კვოტების ოპტიმიზაციის შესახებ და მიღწეულ იქნა შეთანხმება უახლოესი პერიოდისთვის ქართველი გადამზიდველებისთვის საჭირო სატვირთო გადაზიდვების თურქული ნებართვების დამატებით გამოყოფის თაობაზე“,- განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ.
კონკრეტულად რას ითვალისწინებს მიღებული გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს სატვირთო გადაზიდვების თურქული ნებართვების დამატებით გამოყოფას, ამ საკითხს BMG ეკონომიკის სამინისტროში არკვევს.
გასულ კვირას თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან თურქეთის მხრიდან სატვირთო ავტომობილების 25- კილომეტრიანი რიგი იდგა. თურქული მედია საზღვართან არსებულ უზარმაზარ რიგს, უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებდა, რადგან ტვირთების გადატანა უკრაინის მიმართულებით შეჩერდა.




























