წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფარმაკოეკონომიკისა და პოლიტიკის კონსულტანტი თინათინ ტურძილაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ რეფერენტული ფასწარმოქმნისას შედარებით რბილი მეთოდოლოგია შემოიღო და ბიზნესს კონკურენციისთვის სივრცე დაუტოვა, კომპანიებმა ეს შესაძლებლობა მომხმარებლის საზიანოდ გამოიყენეს.
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის შემოღებიდან თითქმის 3 წელი გავიდა. ფარმაცევტულ სექტორში ფასების რეგულირების მექანიზმის შემოღების მიზანი წამლებზე არსებული მაღალი ფასების შემცირება იყო. მიუხედავად ფასების რეგულირებისა და თურქეთის ბაზრის გახსნისა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მედიკამენტებზე ფასები ისევ მაღალია და ამ მიმართულებით მუშაობაა აუცილებელი.
ტურძილაძის თქმით, ბიზნესმა პრაქტიკულად უარყო კონკურენცია და ყველა იმ მედიკამენტის ფასი, რომელიც თურქეთიდან პარალელური იმპორტის საშუალებით იაფად შემოდიოდა, მაქსიმალურ ზღვრულ ნიშნულამდე ასწია. მისი შეფასებით, თურქეთის ბაზრის გახსნას დიდი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა ეს არ იყო მდგრადი ბიზნესის მხრიდან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო.
“ყველაზე რეფერენტული ფასწარმოქმნის რბილი მეთოდოლოგია იქნა შერჩეული, დავუტოვეთ ბიზნესს ზღვარი - რა ზღვარშიც მათ შეძლეს კონკურენცია განეხორციელებინათ და ფასები შეეთავაზებინათ ბაზრისთვის. ზოგიერთს დავუშვათ წამალი უფრო იაფად ჰქონდა შემოტანილი, ზოგს უფრო ძვირად, ერთი და იგივე წამალზეა ლაპარაკი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვხედავთ რაც მოხდა. მოხდა ის, რომ იგივე პარალელური იმპორტით შემოტანილი წამლები, იგივე აღიარებითი რეჟიმით შემოტანილ წამლებზე ფასები ასწიეს ისევ, ანუ პრაქტიკულად მათ კონკურენცია უარყვეს, ეს იყო ზუსტად მათი სოციალური უპასუხისმგებლობა, როდესაც ყველამ ასწია ფასი.
ეს სავარაუდოდ, იმის გამო მოხდა, რომ მთავრობის დადგენილებაში ნოემბერში დამატებითი ცვლილებები შევიდა, როდესაც პარალელური იმპორტის და აღიარებითი ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებითი ფასნამატები შემოიღეს. ანუ ბიზნესი ყოველთვის კეთილსინდისიერად არ უდგება საკითხს. მოსახლეობის უკმაყოფილება, რომ რაღაც მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა, განპირობებული იყო იმით, რომ ბიზნესმა მაქსიმალურ ზღვრულ დონემდე ასწია ფასი და ერთმანეთთან კონკურენციაში არ შევიდა.
თურქეთის ბაზრის გახსნას ჰქონდა როგორც თავის დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები. დადებითი შედეგი იყო ის, რომ თურქეთში ფასები უკიდურესად მკაცრად კონტროლდება, რეგულირდება, ძალიან დაბალი ფასნამატები აქვთ, ძალიან მკაცრი კონტროლია და შესაბამისად იქიდან შემოსული წამლები ბევრად უფრო მისაღებ ფასად იყო.
ჩვენ გვაქვს ფასების რეგულირების ისეთი მოდელი, რომელიც აწესებს ზედა ზღვრულ ფასს და თურქეთიდან შემოსულ იაფიან წამლებზეც კი ფასები კომპანიებმა ზღვრულ ფასამდე ასწიეს. თუ ფასი დარეგულირებული არ არის, ცდილობენ რომ ზღვრულ ფასში გაყიდონ”, - ამბობს წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფარმაკოეკონომიკისა და პოლიტიკის კონსულტანტი.



























