საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ფარმაცევტული სექტორის შესახებ ბარომეტრი გამოაქვეყნა, რომლის მიზანი ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფზე ფარმაცევტულ პროდუქტებზე აქცენტით ინფლაციის დონის მაჩვენებლის შესწავლაა. კვლევა 2023 წლის პირველი ორი კვარტალის მონაცემებს მოიცავს.
კვლევაში აღნიშნული, რომ ფარმაცევტული დანახარჯებით გამოწვეული პრობლემები საქართველოს მოსახლეობისთვის კვლავ აქტუალური რჩება, თუმცა მნიშვნელოვანი პოზიტიური დასკვნაა, რომ ბოლოდროინდელი მონაცემები, ახლად განხორციელებული რეფორმების, კერძოდ, თურქეთიდან წამლის პარალელური იმპორტის დაშვების და რეფერენტული ფასწარმოქმნის დანერგვის შესაძლო დადებით შედეგებზე მიუთითებს.
დოკუმენტში აღნიშნული, რომ 2022 წელს საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის დიდი წილი იმპორტირებულ მედიკამენტებს უკავიათ და გასულ წელს იმპორტის ღირებულება 438 მილიონ 240 ათას დოლარს შეადგენდა.
"კურაციოს“ ახალი ბარომეტრის მიხედვით, 2023 წლის პირველ ორ კვარტალში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის ფასები 6.9%-ით ძირითადად სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვე-ჯგუფის ხარჯზე შემცირდა, რომელთა ფასები 2023 წლის ივნისში 17.2%- ით შემცირდა.
სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით კი სამედიცინო პროდუქციის ფასების ზრდის გრძელვადიანი ტენდენციის შემდეგ 2022 წლიდან ფასების მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება, რაც პოტენციურად, თურქეთიდან პარალელურ იმპორტს შესაძლოა უკავშირდებოდეს.
შედეგად, 2023 წლის ივნისში სამედიცინო პროდუქციაზე ფასები წლის პირველ ნახევარში, 2017 წლის ნიშნულის ქვემოთ ჩამოვიდა.
მიმოხილვაში ისიცაა ნათქვამი, რომ თურქეთიდან პარალელური იმპორტის დაშვების შემდეგ ყველა მედიკამენტის ფასი შემცირდა; ამასთან, იმპორტული მედიკამენტების სია თანდათან გაფართოვდა. კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ფასის შემცირება ნაწილობრივ შეიძლება აშშ დოლართან მიმართებით ლარის კურსის 15%-იანი გამყარებით აიხსნას.
„საქართველოში რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის პირველი ეტაპი 15 თებერვალს ამოქმედდა. იგი მედიკამენტების შერჩეული კატეგორიისთვის დაინერგა, მათ შორის ანტიბიოტიკებისა და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტებისთვის. სისტემის ფარგლებში მედიკამენტების ჩამონათვალი ეტაპობრივად გაიზარდა მარტსა და მაისში. რეფორმამ პოტენციურად ხელი შეუწყო ფასების საერთო შემცირებას, რომელიც მაისში აღინიშნა.
გარდა ამისა, შედეგად რეფერენტული ფასების არ მქონე მედიკამენტებთან შედარებით, ანტიბიოტიკებისა და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2023 წლის პირველ კვარტალში მცირედ შემცირდა, რაც რეფორმის პირველი ეტაპის ზემოქმედებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ მოცემული ორი ჯგუფის მედიკამენტების ჩამონათვალის ზრდა მე-2 კვარტალში კვლავ გაგრძელდა, რამაც შემდგომი ანტიბიოტიკების ჯგუფის ფასებზე დადებითი გავლენა იქონია“, - აღნიშნულია „კურაციოს“ მიერ მომზადებულ კვლევაში.
მიმოხილვის ავტორების შეფასებით, თურქეთიდან წამლის პარალელური იმპორტის დაშვებამ 2022 წლის იანვრის შემდეგ თითქმის ყველა კატეგორიის მედიკამენტების ფასების შემცირებაზე დადებითი ზემოქმედება იქონია. თუმცა, პირველი ორი კვარტალის განმავლობაში, რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის მიღმა დარჩენილი მედიკამენტების ჯგუფების ფასები, როგორიცაა, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მედიკამენტები, 2023 წლის შემდეგ ფაქტობრივად, გაიზარდა.
„ბოლოდროინდელი მონაცემები ახლად განხორციელებული რეფორმების, კერძოდ, თურქეთიდან წამლის პარალელური იმპორტის დაშვების და რეფერენტული ფასწარმოქმნის დანერგვის შესაძლო დადებით შედეგებზე მიუთითებს. ამასვე ადასტურებს საზოგადოებრივი აზრის კვლევაც, რომელიც ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2022 წელს ჩაატარა. სავარაუდოდ NDI-ის შემდგომი კვლევები მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის პოლიტიკის ცვლილებების შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის, შედეგების მდგრადობის დონისა და პაციენტების კეთილდღეობაზე მათი გრძელვადიანი გავლენის დასადგენად საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვება და შედარებით ზუსტი მეთოდოლოგიის გამოყენებით“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
კვლევა მოამზადდა პროექტის ფარგლებში რომლის სახელწოდებაა „ფარმაცევტულ სექტორში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ხელშეწყობა მტკიცებულებების წარმოქმნით და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობით.“ პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“, სოციალური განტოლების ჰაბის და საზოგადოება კომუნიკოს მიერ. კვლევა ჩაატარა საერთაშორისო ფონდმა "კურაციომ", აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.