მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

63f7612473ee6
გიორგი თოლორდავა
23.02.23 16:54
829
სამომხმარებლო ფასების რეკორდული ზრდისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 8.5%-იან ნიშნულამდე შემცირდა.

ექსპერტების შეფასებით, ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის შემცირება პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებულ მოთხოვნასთან, რომელიც არატრადიციული ეკონომიკური სკოლის მიმდევარია და მიიჩნევს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის დონის ზრდას იწვევს.

ერდოღანის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, რასაც შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, თურქეთში წლიური ინფლაციის დონე თითქმის 58 პროცენტია. მიუხედავად თურქსტატის მიერ გასაჯაროებული შემაშფოთებელი მონაცემებისა, ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეალური ინფლაციის დონე გაცილებით უფრო მაღალი, ოფიციალურ მონაცემებზე თითქმის ორჯერ მეტია.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები