თურქეთის ინიციატივა, ევროკავშირის მასშტაბით ქაბაბის რესტორნებში დონერ ქაბაბის მოსამზადებლად მკაცრი წესების შემოღებაზე, ქვეყანამ უკან გაიწვია.
თურქეთის მთავრობის მიერ მოთხოვნილი "გარანტირებული ტრადიციული სპეციალობის ეტიკეტის" დაწესების შემთხვევაში, შეზღუდვები კერძში გამოსაყენებელ ინგრედიენტებზეც გავრცელდებოდა.
ამასთან, განსაკუთრებით შეფერხდებოდა გერმანული ქაბაბის ინდუსტრია, რადგან, როგორც გერმანული ქუჩის კვების მნიშვნელოვანი ნაწილი, დონერ ქაბაბი აქ ათწლეულების შემდეგ სახეცვლილია გავრცელებული.
თურქეთის მთავრობა ამტკიცებდა, რომ დონერი ეროვნულ კერძად უნდა განიხილებოდეს, რომელიც ევროპაში თურქთა მიგრაციის შემდეგ გავრცელდა. თავის მხრივ კი გერმანიაში მიიჩნევენ, რომ ქაბაბი მათი სამზარეულოს ნაწილად იქცა.
თურქეთის დონერის საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ხორცის ვერტიკალურ შამფურზე მომზადების ტრადიციული ხერხი მე-16 საუკუნიდან იღებს სათავეს და დონერის სახელწოდებაც სწორედ ამ მომზადების ტექნიკას უკავშირდება.
ქვეყანამ ევროკავშირისგან დონერის მოსამზადებელი საერთო წესების შემოღება მოითხოვა:
- უნდა გამოიყენებოდეს სულ მცირე 16 თვის ძროხის, მინიმუმ 6 თვის ასაკის ცხვრის ან ქათმის ბარკლებისა და მკერდის ხორცი;
- აკრძალული უნდა იყოს ხბოს და ინდაურის ხორცი;
- ხორცი უნდა დაიჭრას 3-5 მმ სისქეზე;
- უნდა დარეგულირდეს დანის პირი და მარინადის წესები.
ქაბაბის გერმანული ვარიანტი ბრტყელ პურში ბოსტნეულის, მათ შორის წითელი კომბოსტოს, კიტრისა და წითელი ხახვის სხვადასხვა სოუსთან ერთად მოთავსებას ითვალისწინებდა და შესაძლოა თურქული კლასიკური კერძის ევროპულ ვერსიად განიხილებოდეს.
ვინაიდან თურქულმა ფედერაციამ გერმანულ მხარესთან კონსულტაციები არ გაიარა, თავად ქვეყანას კი ბერლინის მხარდაჭერა ჰქონდა, კულინარიული რეგულაციების დაწესების ინიციატივა გაუქმდა.
BBC-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ რეგულაციების დაწესება თურქულ დიასპორაზე მოახდენდა გავლენას; მხოლოდ გერმანიაში თურქეთის 3 მილიონზე მეტი მოქალაქე ან თურქი წარმომავლობის ადამიანი ცხოვრობს. ქაბაბის ინდუსტრიაში კი 60 000 ადამიანია დასაქმებული და დღეში 400 ტონამდე ქაბაბს აწარმოებენ.
ქაბაბის გაყიდვით ევროპაში წლიური შემოსავალი €3.5 მილიარდს აღწევს, საიდანაც €2.4 მილიარდი მხოლოდ გერმანიაზე მოდის.




























