თურქეთს, ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვან მოკავშირეს, BRICS პარტნიორებთან თანამშრომლობის სუვერენული უფლება აქვს, – ასე შეაფასა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის წევრი თურქეთის ოფიციალურად გამოხატული სურვილი, გახდეს BRICS-ის წევრი.
ცნობისთვის, რუსეთში, ყაზანში „ბრიქსის“ სამიტი მიმდინარეობს. სამიტი მიზნად ისახავს იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთი დიპლომატიურ იზოლაციაში არ არის.
სამიტზე დასასწრებად რუსეთში ჩინეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერები ჩავიდნენ. „ბრიქსის“ სამიტს ასევე ესწრებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. „ბრიქსის“ სამიტზე დასასწრებად რუსეთში გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც ჩავიდა.
თათრეთის დედაქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამიტის მიმდინარეობისას ყაზანში გაუქმებული იქნება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა, მოსწავლეებს გამოუცხადეს არდადეგები, სტუდენტებს ონლაინლექციები ექნებათ.
„ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქეთი ალიანსის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მას ნატო-ში ერთ-ერთი საუკეთესოდ აღჭურვილი სამხედრო ძალები ჰყავს. ის სასიცოცხლო როლს ასრულებს და სუვერენული უფლება აქვს, იმუშაოს „ბრიქსის“ პარტნიორებთან“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრმა თურქეთმა ოფიციალურად BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი სექტემბრის დასაწყისში შეიტანა.
BRICS-ის კავშირი, რომლის დამფუძნებლები ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა არიან, თავდაპირველად, განვითარებადი ეკონომიკების არაფორმალური ფორუმი იყო, რომელმაც მალევე შეიძინა სტრუქტურა და გავლენიან გლობალური მოთამაშედ ჩამოყალიბდა. თავად ამ ფაქტს კი ის განაპირობებს, რომ კოლექტიურად, ჯგუფი ეკონომიკურად ძალიან ძლიერია, რადგან მასზე დედამიწის მოსახლეობის 40% და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედი მოდის.
თურქეთთან ერთად, ალიანსში გაწევრიანება მალაიზიას, ტაილანდს და, რაც მთავარია, აზერბაიჯანს სურთ, რომელიც საქართველოს მეზობელი და თურქეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე სახელმწიფოა.
პუტინის ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად გააკეთა