თურქეთი, 1.5 მილიარდ დოლარიანი სავაჭრო ბრუნვით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის 6 თვის მონაცემებით, მასზე საქართველოს მთლიანი ექსპორტ-იმპორტის 14.8% მოდის. საგულისხმოა, რომ თურქეთიდან 5-ჯერ მეტს ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით.
წლის პირველ ნახევარში თურქეთში ექსპორტი 16%-ით, 244 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ის მეექვსე უმსხვილესი ბაზარია, მთლიანს ექსპორტში 8.6%-იანი წილით.
რაც შეეხება ძირითად საექსპორტო პროდუქტებს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ყველა მიმართულებით ზრდა ფიქსირდება, გარდა ელექტროენერგიისა, რომლის ექსპორტიც 33%-ით შემცირდა:
- ფეროშენადნობები - $66.6 მლნ/61 004 ტონა;
- მაისურები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - $43.8 მლნ/994 ტონა;
- ელექტროენერგია - $30.1 მლნ;
- ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის - $18.5 მლნ/639 ტონა;
- ალუმინის ნარჩენები და ჯართი - $7.7 მლნ/3 821 ტონა.
იანვარ-ივნისში თურქეთიდან იმპორტი წლიურად 2.8%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 285 მილიონი დოლარი შეადგინა. მთლიან იმპორტში 17.2%-იანი წილით, მეზობელი ქვეყანა უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია.
თურქეთიდან საქართველოში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების იმპორტი გაზრდილია და ასე გამოიყურება:
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $96.4 მლნ/2 581 ტონა;
- შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - $34.9 მლნ/16 223 ტონა;
- შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - $28.8 მლნ/33 134 ტონა;
- სარეცხი და საწმენდი საშუალებები - $26 მლნ/24 316 ტონა;
- სხვა ავეჯი და მისი ნაწილები - $20.3 მლნ/12 127 ტონა.