თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, საქართველოს საზღვრიდან 353 კილომეტრში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვართან ახლოს, ქალაქ გაზიანტეპთან იყო.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. მსხვერპლის შესახებ აცხადებენ სირიის მხარესაც, სადაც სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი.
ვარაუდობენ რომ მსხვერპლი გაიზრდება, ვინაიდან ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს თქმით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის ადანა, დიარბაკირი, ჰატაი და გაზიანტეპი. დიარბაკირში აცხადებენ, რომ სავაჭრო ცენტრი დაინგრა.
შეგახსენებთ, თურქეთი მსოფლიოში მიწისძვრების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზონაში მდებარეობს. 1999 წელს მომხდარ მიწისძვრას ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში 17 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.