თურქი ბიზნესმენი, Acarlar Group-ის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ისმეთ აჯარი-ვაჭარაძე გარდაიცვალა. თურქული მედიის ინფორმაციით, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო მკურნალობდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ სახლში იმყოფებოდა, სადაც დღეს დილით გარდაიცვალა.
ისმეთ აჯარმა Acarlar Group 1983 წელს დააარსა. კომპანია წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა და საქმიანობა, ძირითადად, სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებში განავითარა.
მისი სახელი უკავშირდება სტამბოლის ბეიქოზის რაიონში განხორციელებულ Acarkent-ის პროექტს. კომპანიის ინფორმაციით, საცხოვრებელი კომპლექსი 2 291 280 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშენებული და „თურქეთში ერთ მიწის ნაკვეთზე განვითარებულ ყველაზე დიდ საცხოვრებელ პროექტად“ არის წარმოდგენილი.
ისმეთ აჯარი საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი იყო საქველმოქმედო და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობით. თურქეთის შეიარაღებული ძალების სოლიდარობის ფონდმა წარსულში განაცხადა, რომ Acarlar Group-ის თავმჯდომარემ ბეიქოზში მდებარე Acar Verde-ის საცხოვრებელ ბლოკებში 12 ბინა ფონდს გადასცა. ფონდის განმარტებით, აღნიშნული ქონება დაღუპული სამხედროების ოჯახების, ვეტერანებისა და შშმ პირების მხარდაჭერას მოხმარდებოდა.




























