"წელს მაისში ელექტროენერგიის ფასი ბირჟაზე 10%-ით ნაკლებია", - ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი ირაკლი გალდავა საუბრობს და მაისის ვაჭრობის დინამიკას აფასებს, სადაც ვაჭრობა გასულ თვეებთან შედარებით, გამოცოცხლებას აჩვენებს.
მისი თქმით, მაისში ვაჭრობის გააქტიურება ენერგოსექტორისთვის ბუნებრივი პროცესია, რაც პირდაპირ კავშირშია ჰიდრორესურსების სიჭარბესთან. თუმცა, ის აღნიშნავს, რომ ბაზრის დინამიკა მხოლოდ წარმოებაზე არ არის დამოკიდებული.
„მაისში განსაკუთრებული და მოულოდნელი რამ არ მომხდარა. იგივე ხდებოდა წინა წელსაც. ეს არის პერიოდი, როდესაც უფრო მეტი გენერაცია გვაქვს ბაზარზე, ბირჟაზე უფრო მეტ ენერგიას ეძლევა გაყიდვის საშუალება და შესაბამისად მონაწილეებიც, გამყიდველებიც უფრო მეტად აქტიურდებიან.“ - ამბობს გალდავა BMG-სთან.
მისივე განმარტებით, ზამთრისა და შემოდგომის პერიოდში მოთხოვნა მაღალია, მაგრამ გამყიდველები დაბალ ფასად ენერგიის გაცემისთვის მზად არ არიან, ხოლო, მაისში სურათი იცვლება.
ირაკლი გალდავას შეფასებით, საყურადღებოა ფასების კლების ტენდენციაც. მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიის ღირებულება წელს შარშანდელ მაისთან შედარებით საგრძნობლად დაბალია.
„წინა წლის მაისს რომ შევადაროთ - დაახლოებით 10%-ით ნაკლებია წელს ელექტროენერგიის ღირებულება ბირჟაზე. აქ შემოდის მონაწილეების მოლოდინები - სავარაუდოდ, შარშან უფრო მაღალი მოლოდინი იყო საბალანსო ფასის, შესაბამისად მყიდველებიც უფრო მზად იყვნენ მეტი გადაეხადათ და გამყიდველებმაც შესაბამისად უფრო მაღალი თანხა მიიღეს. წელს, ფასის მოლოდინები როგორც ჩანს, შემცირებულია, რადგან სასაქონლო საშუალო ფასი მაისში დაახლოებით 11.3 თეთრი იყო საშუალო შეწონილი - მინიმალური ფასი 10 თეთრზე ქვემოთაც კი იყო რაღაც პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, ეს აჩვენებს, რომ მოლოდინები ელექტროენერგიის გამყიდველების მხრიდან არის ის, რომ წელს მაისში შედარებით უფრო დაბალი ფასი იქნება, ვიდრე ეს შარშან მაისში იყო“ - განმარტავს გალდავა და ბირჟაზე ფასების კლებას რამდენიმე ფაქტორით ხსნის, მათ შორის თურქეთის ბაზარზე არსებული მდგომარეობით.
„თურქეთს თუ შევხედავთ, ფასები რადიკალურად შემცირებულია შარშანდელთან შედარებით. თურქეთის მიმართულებით ექსპორტი შემცირებულია და ბირჟა ჩნდება ერთი ისეთი ალტერნატივა, სადაც მათ შეუძლიათ მისაღებ ფასად გაყიდონ ელექტროენერგია“ - განმარტავს გალდავა.
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მონაცემებით, მაისში ბირჟაზე ვაჭრობა გააქტიურდა. სტატისტიკის მიხედვით, პირველი მაისიდან დღემდე ენერგეტიკულ ბირჟაზე დაახლოებით 25 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა. საშუალო ფასი კვტ.სთ 11.5 თეთრი იყო.
აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე გასულ წელს 130 მლნ-მდე კვტ.სთ ელექტროენერგიით ივაჭრეს, რაც 2024 წელს ნავაჭრ ელექტროენერგიას თითქმის 7.5-ჯერ აღემატებოდა. საშუალო ფასი კი 13.14 თეთრი იყო.
ენერგეტიკული ბირჟის ანგარიშით, 2025 წელს ბირჟაზე არსებული ფასი საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე დაბალი იყო. შედეგად მყიდველებმა 2025 წელს 2.2 მლნ ლარი დაზოგეს.




























