მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში პირბადის ტარება სახლის გარდა ყველგან სავალდებულო გახდა

5f57c0c677bb4
თამთა ჯიჯავაძე
09.09.20 00:20
1012
თურქეთში პირბადის ტარება ყველგან სავალდებულო გახდა, გარდა სახლისა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდეტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ მთავრობა აპირებდა ახალი ზომების მიღებას კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

გარდა ამისა, ერდოღანის თქმით, ტრანსპორტში არ იქნება ნებადართული მგზავრების ფეხზე დგომა. ახალი რეგულაციის მიხედვით, მხოლოდ მეტროს და მეტროს ავტობუსებს ექნებათ უფლება გადაიყვანონ ფეხზე მდგომი მგზავრები, თუმცა, შეზღუდული რაოდენობით და ამ რეგულაციის შესახებ თითოეულ პროვინციაში ცალცალკე იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, რესტორნებსა და კაფეებში უფრო მკაცრი შემოწმებები ჩატარდება. რაც შეეხება სკოლებში სასწავლო წლის დაწყებას, ერდოღანის განცხადებით, სწავლა დაიწყება და იქნება როგორც ჩვეულებრივ რეჟიმში, ასევე დისტანციურად სწავლებაც.

პანდემიის ეკონომიკურ გავლენებზე საუბრისას კი თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მეორე კვარტალში ეკონომიკური დაღმასვლისა, ფაქტია, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, თურქეთი უკეთეს მდგომარეობაშია. „ყველა მონაცემი გვიჩვენებს, რომ ჩვენ მესამე კვარტალში ძლიერი აღდგენა გვექნება“, – განაცხადა მან.

ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე წელს უკვე 10 მილიონზე მეტი ტურისტი ჩავიდა.

ცნობისთვის, თურქეთში მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1,761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 52 პაციენტი. ჯამში თურქეთში ვირუსის 283,270 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები