მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თურქმენეთში საუბარი გვექნება ენერგორესურსების შესაძლო იმპორტზე ან ტრანზიტზე" - დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

"ოცნების" მთავრობის დელეგაცია თურქმენეთში იმყოფება. შემადგენლობაშია როგორც პრემიერი, ასევე ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და საგარეო საქმეთა მინისტრები. როგორც "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, დაგეგმილია შეხვედრები.

შეხვედრებამდე კი ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ "თურქმენეთში საუბარი გვექნება ენერგორესურსების საქართველოში შესაძლო იმპორტზე ან ტრანზიტზე".

მისივე თქმით, განსახილველ საკითხთა შორის იქნება ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა.

„რამდენიმე მიმართულებით გვაქვს თანამშრომლობის პერსპექტივა თურქმენეთთან. გვინდა, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხელშესახები იყოს საქართველოსთვის და მეტი ეკონომიკური შედეგი მივიღოთ. ეს ეხება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. თურქმენეთი არის ენერგოპროდუქტებით მდიდარი ქვეყანა და შესაბამისად, ჩვენ საუბარი გვექნება ენერგორესურსების საქართველოში შესაძლო იმპორტზე ან ტრანზიტზე.

ასევე განსახილველ საკითხთა შორის იქნება ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა. თურქმენეთს ასევე გააჩნია საკმაოდ დიდი მინერალური რესურსები, რომელიც ექსპორტირებულია სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად დავაინტერესოთ თურქმენეთი ჩვენი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით. ამაზე ჩვენ წლების წინ დავიწყეთ დიალოგი, თუმცა უფრო ქმედითი, უფრო ხელშესახები შედეგი რომ მივიღოთ, ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ამის წინაპირობები არსებობს. ჩვენ სამუშაო ფორმატში თურქმენ კოლეგებთან ამაზე ვმუშაობთ და ამ ვიზიტის ფარგლებში, ვფიქრობ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, შეთანხმება იმაზე, რომ საქართველოს პლატფორმა გამოყენებული იყოს თურქმენული მინერალებისთვის, თურქმენული სასუქებისთვის, საერთაშორისო ბაზარზე გასატანად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ხოლო საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით კი, "საქართველოს აქვს ამბიცია, შუა დერეფანში შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი, აქედან გამომდინარე, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ის ურთიერთობები, რომელიც გვაქვს, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს".

მისივე თქმით, თურქმენეთი საქართველოსთვის საინტერესო პარტნიორია.

“უკეთ უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნებში არსებობს. შესაბამისად, თურქმენეთში მაღალი დონის ვიზიტი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ კარგად ვნახოთ, თუ რა სფეროებში შეიძლება გავაძლიეროთ თანამშრომლობა, განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით, რა პოტენციალი არსებობს ორ ქვეყანას შორის იმისთვის, რომ მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები და უკეთესი ეკონომიკური სარგებელი ნახოს ქვეყანამ ამ ურთიერთობებიდან. თურქმენეთის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებელია, გვქონდეს კარგი თანამშრომლობა, ურთიერთგაგება, რათა კარგად და სრულად ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც სატრანზიტო ფუნქციას შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყნებს შორის,”- აღნიშნა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველო თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა 81 მლნ აშშ დოლარამდე 19.6%-ით შემცირდა. ასევე, ტრადიციულად, თურქმენეთიდან საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირეა. გასული წლის 3 კვარტალში 490.4 ათასის ინვესტიცია ჩაიდო. რაც შეეხება ტურიზმს, გასულ წელს თურქმენეთიდან 17,546 ადამიანი შემოვიდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 33.1%-ით მეტია.

როგორია საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური კავშირი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები