თურქული ბანკები რუსეთთან ანგარიშსწორების შეჩერებას განიხილავენ - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული TASS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს. TASS-ის ინფორმაციით, თურქული ბანკების მნიშვნელოვან ნაწილს ჰყავს საერთაშორისო ინვესტორები, რომლებიც რუსეთთან და ბელარუსთან ფინანსური კავშირების შენარჩუნებასთან დაკავშირებით შიშობენ. რუსული მედიის თანახმად, არსებობს კონსენსუსი საბანკო დაწესებულებებს შორის იმის თაობაზე, რომ რუსეთთან საბანკო ოპერაციები დარჩეს მხოლოდ Emlak Katılım Bank-ში.
შესაბამისად, ბანკები გეგმავენ, რომ ნებაყოფლობით შეაჩერონ ანგარიშსწორება რუსულ ბანკებთან და კლიენტებს, რომლებსაც რუსეთსა და ბელარუსში სურთ თანხის გადარიცხვა ან თანხის მიღება, ურჩიონ, რომ მომსახურება Emlak Katılım Bank-ისგან მიიღონ.
"თითქმის ყველა თურქულ ბანკს სურს მთლიანად გააჩეროს ტრანზაქციები რუსეთსა და ბელარუსთან, მათ სურთ ყველა ეს ტრანზაქცია Emlak Katılım Bank-ს დაუტოვონ, ხოლო ამ გზით თავიდან აირიდონ შესაძლო პრობლემები, რაც რუსეთთან ბიზნესის კეთებას უკავშირდება," - განაცხადა წყარომ.
ამასთან, TASS-ის თანახმად, მხოლოდ ერთ ბანკთან ურთიერთობების შენარჩუნება კლიენტებისთვის საკმაოდ ძვირი იქნება, რადგანაც Emlak Katılım Bank-ს რუბლი/ლირას კონვერტაციაზე განსაკუთრებით მაღალი 5-6%-იანი საკომისიო აქვს დაწესებული.