მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული ბანკების მიერ დე ფაქტო აფხაზეთის საგადახდო სისტემასთან თანამშრომლობაზე საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

5fe206beb2313
ელენე გოგბერაშვილი
22.12.20 18:57
1696
თურქული ბანკების მიერ ე.წ დეფაქტო აფხაზეთის საგადახდო სისტემა „აფრასთან“ თანამშრომლობის შესახებ გუშინ ე.წ დეფაქტო აფხაზეთის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

თვითაღიარებული აფხაზეთის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თურქულმა ბანკებმა დე ფაქტო რესპუბლიკის "აპრას" World-ის ბარათების მომსახურება დაიწყეს. როგორც აფხაზეთის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეროვნულმა საგადასახადო სისტემამ ანგარიშსწორების სისტემა ”აპრა”-ს საგადახდო ბარათების გეოგრაფიული არეალის გაფართოების და საგადახდო ბარათების ეროვნულ სისტემასთან თანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთში სისტემათშორისი ოპერაციების საპილოტე პროექტი დაიწყო.

ის, რომ ამ ფაქტით "იშ ბანკი" და "ზირაათ ბანკი", რომლებიც საქართველოშიც არიან წარმოდგენილები, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს არღვევენ, ამის შესახებ პირველი დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მან საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ აღნიშნული, შესაძლოა, საფუძველი ამ ბანკებისთვის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების საფუძველი გახდეს.

„ეს არის სერიოზული კანონდარღვევა, აბუჩად აგდება ხელისუფლების. ორივე ბანკი მუშაობს საქართველოში როგორც "ზირაათბანკი", რომელიც არის 100% სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ბანკი, მეორე ბანკიც საქართველოშია და ასეთ ვითარებაში აფხაზეთთან ამყარებს საფინანსო ურთიერთობებს. მთავრობამ და სებ-მა უნდა მიმართოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედ ორგანიზაციას, ჩააყენოს საქმის კურსში, რომ საბანკო სისტემაში მოძრაობს უკანონო, არალეგალური ფული, ვინაიდან უკანონოა ყველა ტრანზაქცია, რომელიც ხორციელდება. ძალიან დიდი განგაში უნდა ატეხოს საქართველოს ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მოგვიანებით ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააკეთა. ის ამბობს, რომ პირველადი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება არ ეხება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ბანკებს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს.

"ჩვენ გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია; პირველადი ინფორმაციით, ეს არ ეხება ბანკებს, რომლებიც ლიცენზირებულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ამასთან დაკავშირებით დეტალებს დავაზუსტებთ და რამდენადაც ვიცი, თავად ბანკებიც გააკეთებენ ამაზე განცხადებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

საგარეო უწყებაში განმარტებები მხოლოდ დღის ბოლოს გაკეთდა. სამინისტროში ამბობენ, რომ ყველა შესაბამისი დარგობრივი უწყება საქმის კურსშია და აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ საკითხზე.

„რეალურად საქმე გვაქვს რუსულ საგადასახადო ბარათ “МИР”-თან და რუსეთის მცდელობასთან, რომ რუსული სისტემით დამზადებულ ბარათ “აფრა”-ს პოპულარიზაციით მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენა. სინამდვილეში, ბარათი “აფრა” სხვა არაფერია, თუ არა რუსული საგადასახადო ბარათი “МИР”, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში სახელწოდება “აფრა” აქვს მინიჭებული და აფხაზურ ბარათადაა წარმოჩენილი. რეალურად სისტემა აფიქსირებს მხოლოდ რუსულ საგადასახადო ბარათ “МИР”-ს და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება, თუ სადაა დამზადებული “МИР”-ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი. აღნიშნულს ადასტურებენ ჩვენი თურქი პარტნიორებიც, რომლებთანაც უკვე შედგა არაერთი კომუნიკაცია. შესაბამისად, ვაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან აღნიშნულ საკითხზე“.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აფხაზეთის საგადახდო სისტემასთან თანამშრომლობის შესახებ განმარტებების გაკეთებას თავად თურქული ბანკებიც გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები