ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები განვითარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე ამ წუთებშიც მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი და შესაბამისი მძიმე ტექნიკა.
უწყების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანონ.
„მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
პარალელურად, სტიქიის ზონაში მუშაობენ სპეციალისტებიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ადგილზე იმყოფება გეოლოგების სამი ჯგუფი, რომლებიც არსებულ მდგომარეობას ოპერატიულად აფასებენ.




























