საქართველოს 21.5 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტს 71.7%-იანი წილი უკავია. 2023 წელს საქართველოდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 15.4 მლრდ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება.
სტატისტიკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ვაჭრობის ისტორიაში პირველად უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების ათეულში მერვე ადგილი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დაიკავა. 2023 წელს საქართველომ UAE-დან 383 მილიონ 429 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა. წლიურად ეს მაჩვენებელი 35.4%-ით გაიზარდა. შედეგად არაბთა გაერთიანებული საამიროების წილმა მთლიან იმპორტში 2.5% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში იმპორტის მზარდი დინამიკა ჰქონდა.
რას ვყიდულობთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან - TOP-10 საქონელი:
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - $194.7 მლნ;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $19.8 მლნ;
- მსუბუქი ავტომობილები - $19.1 მლნ;
- საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - $14.6 მლნ;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $12.1 მლნ;
- შაქარი - $9.1 მლნ;
- ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - $8.4 მლნ;
- მიკროფონები ხმამაღლამოლაპარაკეები და სხვა - $8 მლნ;
- საფრენი აპარატები სხვა - $7.2 მლნ;
- ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - $7 მლნ;
საქართველო - არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე ადგილი უკავია, თუმცა წლიურად ეს მაჩვენებელიც გაზრდილია. გასულ წელს ამ მიმართულებით ქვეყნიდან მხოლოდ 53 მილიონ 768 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 2022 წლის ექსპორტს 72.7%-ით აღემატება. თუმცა ეს გაერთიანებულ საამიროებთან ვაჭრობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არ არის. UAE-სთან ექსპორტის რეკორდული რიცხვი პანდემიამდე 2019 წელს დაფიქსირდა, რა დროსაც ქვეყანამ ამ მიმართულებით საქონლის გაყიდვით 65 მილიონ 399 ათასი დოლარი მიიღო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა. ამ მიმართულებით გასულ წელს გატანილი 370 ცალი ავტომობილის ღირებულებამ 17 მილიონ 609 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად წელს UAE-ში 216 ავტომობილით მეტი გავყიდეთ. ექსპორტის ღირებულება კი 55.3%-ით გაიზარდა.
ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - $17.6 მლნ;
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $5 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $4.5 მლნ;
- მოწყობილობები თამბაქოს დასამზადებლად, სხვა ადგილას დაუსახელებელი - $3 მლნ;
- ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - $2.8 მლნ;
- ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $2.8 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $1.9 მლნ;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $1.5 მლნ;
- ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი - $1 მლნ;
- ფრინველის კვერცხი, ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული - $984 ათასი;