ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე ამბობს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გასულ წელს გაფორმებული ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება (CEPA) ერთ-ერთი ამბიციურია, რომელიც საამიროებს გაუფორმებია.
"მნიშვნელოვანი იყო საამიროებთან მიღწეული შეთანხმება. ის მომსახურებით ვაჭრობასაც ფარავს, რაც ნიშნავს, რომ მომსახურების მიმწოდებლებისთვისაც საამიროების ბაზარი იხსნება",- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოდან საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97.5%.
რომელ ქართულ პროდუქტებზე ნულდება ტარიფები?
ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, პროდუქტები, რომლებზეც შეთანხმების ამოქმედების შემდგომ მყისიერად მოიხსნება საიმპორტო ტარიფი არის: საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი, და ა.შ.
ამასთან, არმატურაზე სატარიფო შეღავათი გავრცელდება. 5-წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ კი არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარი კიდევ უფრო მეტი პროდუქტისთვის გაიხსნება.
საქსტატის მონაცემებით, ვაჭრობის ისტორიაში პირველად, 2023 წელს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების ათეულში მერვე ადგილი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დაიკავა. 2023 წელს საქართველომ UAE-დან 383 მილიონ 429 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა. წლიურად ეს მაჩვენებელი 35.4%-ით გაიზარდა. საქართველო - არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე ადგილი უკავია, თუმცა წლიურად ეს მაჩვენებელიც გაზრდილია. გასულ წელს ამ მიმართულებით ქვეყნიდან მხოლოდ 53 მილიონ 768 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 2022 წლის ექსპორტს 72.7%-ით აღემატება.
რა ეტაპზეა ისრაელთან, კორეასთან, ინდოეთთან და აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები?