მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უახლოეს მომავალში მოვახერხებთ, რომ IMF-ის პროგრამის აღდგენის საკითხი წინ წავწიოთ" - თურნავა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ IMF-ის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ამ პროცესის წინ წაწევასაც მოახერხებენ. ამ პროცესში კი ის ფაქტი, რომ ქართული საფინანსო სისტემა საკმაოდ მზარდი და საიმედოა, ხელს უწყობთ.

"თქვენ ხედავთ, რამდენად მზარდი და მიმზიდველია ინვესტორებისთვის ჩვენი საფინანსო სექტორი, რომელიც მოსახლეობაშიც ძალიან დიდი სანდოობით სარგებლობს და რეგიონშიც კონკურენტუნარიანია. ვაგრძელებთ მუშაობას, გვქონდა შეხვედრები და შევთანხმდით გეგმაზე და ვფიქრობთ, უახლოეს თვეებში მოვახერხებთ, რომ პროგრამა წინ წავწიოთ", - აცხადებს ნათია თურნავა.

მისივე ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდს სურს დარწმუნდეს, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტია, ქართული საფინანსო სისტემა კი მდგრადი და უსაფრთხო, ამ ყველაფერში მათი დარწმუნებისთვის აქტიური შეხვედრები და კომუნიკაციები გრძელდება.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან კარგი ფაქტორია იმისთვის,რომ საერთაშორისო ინვესტორების თვალში უფრო საიმედოები გამოვჩნდეთ, სხვადასხვა კრიზისულ პერიოდებში მუდმივად ჩვენს გვერდით იდგნენ და რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ის პროგრამა, რომელიც დროებით შეჩერებულია და გადადებულია მისი მიმოხილვა, კვლავაც გააქტიურდეს, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ ზაფხულიდან მოყოლებული, ვმუშაობთ სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიებთან იმისთვის, რომ გარკვეული ცვლილებები მომზადდეს კანონმდებლობაში, მათ შორის საუბარი არის ეროვნული ბანკის, როგორც თავისუფალი ინსტიტუციის შემდგომ განმტკიცებაზე და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა", - ამბობს თურნავა.

IMF-თან შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენის სამუშაოები ტექნიკური გუნდების დონეზე უახლოეს პერიოდში გაგრძელდება - თურნავა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები