საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უამინდობის გამო შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს.
„უამინდობის გამო, შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. რის გამოც მესამე დღეა, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს. დღეს საღამოს, ისრაელის ავიაკომპანია EL Al-ის კუთვნილი ხომალდი ბათუმის ნაცვლად რეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულებს და თელ-ავივში ქუთაისიდან გაფრინდება“, - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
BM.GE-მ ავიარეისების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად ბათუმის აეროპორტის მმართველ კომპანია TAV Georgia-ს მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები. დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება აეროპორტში შეუფერხებლად სრულდება“, - აღნიშნავენ გაერთიანებაში.